LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექსო ლეკიაშვილი: „პრეზიდენტი რომ ხარ, რატომ ენდობი რაღაცნაირი კომისიების დასკვნებს?“

228

ჟურნალისტი ლექსო ლეკიაშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ბარნოვზე მომხდარი საზარელი მკვლელობის მონაწილის, ვეფხია ბაქრაძის შესახებ, რომელიც მან შეიწყალა. შეგახსენებთ, რომ ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წელს დატოვა.

ლექსო ლეკიაშვილი წერს:

„კიდევ რამდენიმე კითხვა ამ თემაზე:

  1. პრეზიდენტი რომ ხარ, რატომ ენდობი რაღაცნაირი კომისიების დასკვნებს და რატომ სათითაოდ არ ამოწმებ, ვის უშვებ გარეთ?
  2. როცა მაგ კომისიამ ამდენჯერ ვერ გაამართლა საქმეში, როგორც არასდროს არავის უქნია, რატომ არ ცვლი მის ხელმძღვანელს მაინც?
  3. რატომ ითვალისწინებ ოჯახის სურვილს ოჯახური ძალადობის გამო დაკავებულის შეწყალებისას? სტოკჰოლმის სინდრომი მაინც არ გაგიგია?
  4. უდოს კომისია სხვაა და შეწყალების – სხვა? და ვინ შედის მაგ კომისიებში, სად შეიძლება, ვნახოთ?
  5. ვინმე გაარკვევს, კიდევ ვინაა გამოშვებული ასე და რა საფრთხე შეიძლება ელოდეს საზოგადოებას? თუ მორიგ მკვლელობას დაველოდოთ და მერე შევიცხადოთ?
  6. რატომ არ დაიჭირეს ეს ადამიანი მაშინ, როცა პირველად გაასამართლეს და რატომ დაიჭირეს მხოლოდ ავარიის შემდეგ?
  7. ვინ დადო „ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და სამართლებრივი რეჟიმის დაწესებულების ინსპექტორის დადებითი დასკვნები“, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს? რატომ არ იყო სამედიცინო ცნობაში მითითებული „სულიერი აშლილობის“ შესახებ, მაშინ, როცა ჩადენილი დანაშაულების მიხედვით ბრალდებული აშკარად არაა ჯანმრთელი?
  8. 17 მაისს ისეთი ოჯახების სიწმინდის დღეც აღინიშნება, როგორიც ვეფხიას და ნათელას ჰქონდათ?
  9. იცით, რამდენი ასეთი და უარესი ვეფხია იმალება „ტრადიციულ ქართულ ოჯახებში“, სადაც ნათელამ განქორწინებაც ვერ გაბედა?“

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა შემდეგი რამ განაცხადა:

„2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა, რომელიც მაშინ მსჯავრდებული იყო, ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის შემდეგ იქნა დაკავებული და მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა, მეორე მიმართვისას კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის დაწესებულების ინსპექტორის დადებით დასკვნას და სამედიცინო ცნობას, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. საქმეს ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის 4 შვილის მამა იყო. თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. ამ დეტალზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები