LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი ბორდოში ღვინის გამოფენას ,,ვინექსპო ბორდო 2017“ დაესწრო

262

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის ქალაქ ბორდოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ღვინის საერთაშორისო კონკურსის ,,ვინექსპო ბორდო 2017“-ს (Vinexpo Bordeaux 2017) გახსნას დაესწრო. Vinexpo Bordeaux ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და  მონაწილე ქვეყნების,  წარმოდგენილი ღვინოებისა და ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. ბორდოს გამოფენაზე თავს იყრიან  ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ბაიერები და იმპორტიორები.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო უკვე მეორედ იღებს მონაწილებას  გამოფენაში ,,ვინექსპო ბორდო“ და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პლატფორმის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება.  

,,ეს არის ადგილი, სადაც თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, სპეციალისტები და იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შესაბამისად, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები დაამყარონ როგორც იმპორტიორებთან, ასევე დისტრიბუტორებთან. წელს, გამოფენაში საქართველოს მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მიმდინარე წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველო, სპეციალური სტუმრის სტატუსით, მასშტაბურ ექსპოზიციას წარმოადგენს. ეს  არის შანსი ქართული ღვინის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის და პოპულარიზაციისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარმოედგენილი აქვს ქართული ღვინის მწარმოებელ 24 კომპანიას –   „თბილღვინო“,  „შატო მუხრანი“, „GWS“, „ასკანელი ძმები“, „ბადაგონი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“,  „მეღვინეობა დანიელი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“,  „მეგობრების მარანი“,  „გიუაანი“,  „გრუზვინპრომი“, „KTW“,  „მეღვინეობა ხარება“,  „ქინძმარაულის  მარანი“,  „კახური ღვინის მარანი“,  „მარანული“,  „ქიმერიონი“, „შილდა“, „შუმი“,  „თელავის ღვინის მარანი“,  „ვაზიანი კომპანი“, „ვაინმენი“,  „კორპორაცია ქინძმარაული“ და „ბრუალე“. 

როგორც საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ აღნიშნა,  საქართველო უკვე მეორედ მონაწილეობს მსოფლიოს მასშტაბით ღვინის მიმართულების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში ,,ვინექსპო ბორდო“. წელს საფრანგეთში, განსაკუთრებით კი ბორდოში განხორციელებულ ყველა აქტივობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან   საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრშია მიწვეული.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოფენის ფარგლებში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციას „საქართველო – ღვინის სამშობლო“ დაესწრო, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და სადეგუსატაციო კომისიის თავმჯდომარე, OIV-ს კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ანა გოდაბრელიძე უძღვებოდნენ.

დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო  შემდეგი ღვინოები: “მწვანე” (თელავის ღვინის მარანი), “Grand Reserve”  (GWS), “მანავი” (კახური ღვინის მარანი), “ხვანჭკარა” (მეღვინეობა ხარება), “ქისი” (თბილღვინო), “რქაწითელი” (დურუჯის ველი), “საფერავი” (შატო მუხრანი) და “შავკაპიტო” (შატო მუხრანი).

ბორდოს გამოფენის ფარგლებში გამართულ  კონკურსზე  Citadelles Du Vin  4-მა ქართულმა ღვინომ მიიღო სხვადასხვა დასახელების ჯილდო – უმაღლესი ჯილდო  ტროფი ღვინო „ხარება 2012“ (კომპანია  „მეღვინეობა ხარებას“), ოქროს მედალი –  მაყაშვილის ღვინის მარანის „კაბერნე 2015“ (კომპანია “ვაზიანი კომპანი”) , ვერცხლის მედალი –   „ქინძმარაული 2013“ (კომპანია „კახური ღვინის მარანი”) და  „ჭაჭა“ (კომპანია „შუმი”).

გამოფენის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს  საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Vinexpo Bordeaux 2017 საფრანგეთის ქალაქ ბორდოში  18-21 ივნისს იმართება.   გამოფენა Vinexpo Bordeaux 1981 წელს ბორდოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაარსდა და   ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები