LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

77

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.
ლევან იზორიამ მწუხარება გამოხატა ქართველი სამხედრო მოსამსახურის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. მინისტრის ინფორმაციით, სამი დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. წუხელ პატრულირებისას, როდესაც ის თავის ფუნქციებს ასრულებდა, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა ტერორისტული აქტი და დადგა ეს სამწუხარო შედეგი. გვყავს ასევე სამი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე. ღვთის წყალობით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ შორის, ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, რომლის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე, გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, ბოლო ინფორმაციის თანახმად. მძიმედ დაიჭრა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურე. სერიოზულ ტეროტრისტულ აქტთან გვქონდა საქმე, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს მისია არის ძალიან საპასუხისმგებლო, რისკიანი, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ მისიის ღირსეულად შესრულებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ამ წუთებში ჩვენ მივიღეთ სამძიმარი აშშ-ს ელჩისგან, ნატო-ს წარმომადგენლობისგან საქართველოში, ასევე, ჩვენს წარმომადგენლობას ბრიუსელში დაუკავშირდა ნატო-ს გენერალური მდივანი და მისი მოადგილე, გამოხატეს სამძიმარი ამ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ყველანი ამ მძიმე წუთებში ოჯახთან ერთად ვართ“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ავღანეთში დაღუპულ 25 წლის ახალგაზრდას სამშობლოში კვირას გადმოასვენებენ. მდინარი ბებიაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბნის მკვიდრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები