LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმა, აფგან მუხთარლისა და “ბირჟა მაფიის” საქმეები HRW-ის ანგარიშში

118

Human rights watch-ის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის, „ბირჟა მაფიის“ და ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის საქმეები მოხვდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა და 24-საათზე ნაკლებ დროში აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის პატიმრობაში აღმოჩნდა ”საზღვრის უკანონო გადაკვეთის და სხვა შეთითხნილი ბრალდებებით”. HRW-ის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტრდაზვერვის სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსნისთვის გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილების შეჩერება მზარდი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის ფონზე მოხდა.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ აგვისტოში, ბათუმში, სამ ტრანსგენდერ ქალსა და ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის „თანასწორობის მოძრაობის“ ორ აქტივისტს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და აქტივისტებს ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს დაზიანებები მიაყენეს, ”ხოლო იქვე მდგომმა პოლიციელებმა არაფერი გააკეთეს თავდამსხმელთა შესაჩერებლად”.

Human rights watch-ის ანგარიშში, ასევე, საუბარია ნარკოპოლიტიკაზე და ნათქვამია, რომ ნარკოდანაშაულები ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით. ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის ივნისში პოლიციამ ორი რეპერი – მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, დიდი ოდენობით აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაცია Human rights watch- ის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები