LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს ბრალი კონტრაბანდის მუხლით აქვთ წაყენებული

78

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველოს უფროსის, გრიგოლ მიგრაქველიძის, განცხადებით, ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს ბრალი კონტრაბანდის მუხლით აქვთ წაყენებული და ამჟამად მიმდინარეობს განხილვა საქართველოს დაკავებული მოქალაქეებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ოპტიმალური გზების განსაზღვრის მიზნით.

მიგრაქველიძის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ლიბიაში საქართველოს წარმომადგენლობა არ ჰყავს, ქართული მხარე იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას თანამოქალაქეებისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით.

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის, REX-ის დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს ეცნობა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. გემზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქე. გემი გადაყვანილია ტრიპოლის პორტში. ამჟამად მეზღვაურები ქალაქ ტაჟურას დამანის ციხეში იმყოფებიან. მათ კონტრაბანდის მუხლით ედებათ ბრალი. საქმეს იძიებს ლიბიის პროკურატურა. მეზღვაურების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს (რომელიც აკრედიტებულია ასევე ლიბიაში) მეშვეობით. ლიბიაში არსებული შიდა კონფლიქტის, დაძაბულობის და ადგილზე საქართველოს რეზიდენტი საელჩოს საკონსულოს არარსებობის პირობებში, ქართული მხარის ხელთ არსებული საკონსულო დაცვის ბერკეტები საკმაოდ შეზღუდულია. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ქართული მხარე იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ჩვენი თანამოქალაქეებისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. კერძოდ, ჩვენი თხოვნით მაქსიმალურად გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, სახელდობრ, ლიბიაში უნგრეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა. ასევე, რადგან ხომალდის ეკიპაჟის 11 წევრიდან 5 თურქეთის მოქალაქეა, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოც მუშაობს თურქულ მხარესთან, მათი პოზიციის გარკვევასა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე. ამჟამად მიმდინარეობს განხილვა საქართველოს დაკავებული მოქალაქეებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ოპტიმალური გზების განსაზღვრის მიზნით, – განაცხადა გრიგოლ მიგრაქველიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი REX 30 აგვისტოს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები