LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიფტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ

77

ლიფტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდის ახლობლები შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ. მათი თქმით, მოძალადე, რომელმაც მოზარდს მრავლობითი ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, იმავე სადარბაზოში, მე-7 სართულზე ცხოვრობდა, სადაც თავდასხმა მოხდა.

მათივე ინფორმაციით, ოჯახს და თავად დაზარალებულსაც აღნიშნულ პიროვნებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ახლობლები ორ ვერსიაზე საუბრობენ. ისინი ვარაუდობენ, რომ მოძალადეს ფსიქიკური აშლილობა აქვს ან რომელიმე სექტის წარმომადგენელია.

“ბავშვი ბრუნდებოდა სკოლიდან და როგორც თვითონ ამბობს, მასთან ერთად ლიფტში შევიდა თავად მოძალადეც, რომელიც ამავე კორპუსში მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. მან ლიფტი სართულებს შუა გააჩერა და ბავშვს დაუწყო ცემა. როგორც ბავშვი ყვება, მანაც გაუწია წინააღმდეგობა, რის შემდეგაც ამ პიროვნებამ დაუჭირა თავი, გაახელინა თვალები და თითები შეარჭო. ამის შემდეგ ბავშვი ყვება, რომ მან თვალთან იგრძნო დატკაცუნება და დაკარგა მხედველობა. ეს მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი. ამის მერე მეზობლებმა გაიგეს ბავშვის ყვირილის ხმა, დაიწყეს ლიფტის კარების გაღება, რასაც დაჭირდა გარკვეული დრო. ის ბავშვს ამ დროის განმავლობაშიც ფიზიკურად უსწორდებოდა. ამ დროისთვის ბავშვი კონტაქტურია, თუმცა, მას აქვს ძლიერი ტკივილები და უკეთებენ გამაყუჩებლებს. შინაგანი ორგანოები გადარჩენილია, როგორც ექიმები გვეუბნებიან, სახეზე აქვს მრავლობითი დაზიანებები, ფაქტობრივად ბავშვს სახე არ უჩანს, ვერაფერს ხედავს. ერთადერთი რეაგირება აქვს სინათლეზე. იმედი გვაქვს, რომ მხედველობა დაუბრუნდება და ეს უბრალოდ დარჩება ცუდ მოგონებად”, – აცხადებენ დაშავებულის ახლობლები, რომლებიც ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე ისჯება.
შსს-ს ინფორმაციით, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები