LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტერატურული კონკურსი “წერო” გამოცხადდა

345

ლიტერატურული კონკურსის “წეროს” გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიება დღეს, 11:00 საათზე მოეწყობა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთი დუმბაძე, კონკურსის ორგანიზატორი მაშო სამადაშვილი და კონკურსის მხარდამჭერი ფარმაცევტული კომპანია GPC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეა ჯავახიშვილი.

სამინისტროს ინფორმაციით, ლიტერატურული კონკურსი “წერო”, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტ მაღაზია ლიტ.გე და ფარმაცევტული კომპანია GPC.

ლიტერატურული კონკურსი “წერო” ინტერნეტ სივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებ–გვერდზე ლიტ.გე ჩატარდება. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე საუკეთესო ნაწარმოებებს კონკურის 7-კაციანი ჟიური (მწერლები, რედაქტორები, კრიტიკოსები) დაასახელებს. მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს მკითხველი. მკითხველებს ნაწარმოებების შეფასების გარდა, ვებ-გვერდზევე ექნებათ საშუალება გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაშრომის შესახებ. ყველაზე აქტიური მკითხველები ელექტრონული მაღაზია ლიტ.გე-ის ვაუჩერით დასაჩუქრდება. მკითხველისთვის სპეციალურ პრიზს ასევე ფარმაცევტული კომპანია GPC აწესებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულები (I, II, III ადგილები, ჟიურის სპეციალური და სხვა პრიზები) 11 დეკემბერს, მწერალთა სახლში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან. პირველი პრემია: ლიტერატურული პრემია “წერო” და 4000 ლარი; მეორე პრემია: 2000 ლარი;
მესამე პრემია: 1000 ლარი;

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ამისათვის საჭიროა ლიტ.გე-ს შესაბამის გვერდზე დარეგისტრირება და 22-დან 12 ნოემბრამდე 5-10 გვერდიანი საკონკურსო ნაწარმოების გამოქვეყნება. კონკურსანტმა ნაწარმოებს უნდა დაურთოს მცირე ანოტაცია. ავტორის ვინაობა აუცილებელია მითითებული იყოს შესაბამის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები არ მიიღება. კონკურსის მიმდინარეობისას, ავტორის ვინაობა იქნება დაფარული. ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაწარმოები. საკონკურსო ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ბეჭდვით გამოცემებში ან ინტერნეტ-სივრცეში.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს “წეროს” გამარჯვებულები არიან: 2006წ. – ვანო ჩხიკვაძე (პროზა); 2007წ. – ნათია ნაცვლიშვილი (პოეზია); 2007წ. – ბაჩო კვირტია (პროზა); 2008წ. – დიანა ანფიმიადი (პოეზია); 2008წ. – ირმა ტაველიძე (პროზა); 2011წ. – მარი ბექაური (პროზა); 2013წ. – ნათია როსტიაშვილი (პროზა); 2014წ. – ლია ლიქოკელი (პროზა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები