LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლობჟანიძეს ვერ აჩერებენ, ხოჭოლავა ორმაგად მოგებულია

34

ევროპაში ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება, ბოლო თამაშებს ატარებენ ჩვენი ლეგიონერებიც. ზოგიერთს ეს ისევ კარგად გამოსდის. დათო ხოჭოლავამ კი უკრაინაში ოქროს დუბლი მიითვალა.

 

გურამ კაშიას „ვიტესი“ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის: არნემელებმა პირველი ეტაპი წარმატებით დასძლიეს – ფლეი-ოფის პირველ მატჩში „დენ ჰააგი“ გასვლაზეც 5:2 დაამარცხეს და სახლშიც – 2:1 და ფლეი-ოფის ფინალში გავიდნენ. საქართველოს ნაკრების მცველმა „დენ ჰააგთან“ განმეორებითი მატჩიც შეუცვლელად ჩაატარა.

შეხვედრის შემდეგ არნემის სტადიონზე საფეხბურთო კონკურსში გამარჯვებული ბავშვი დააჯილდოვეს, რომელსაც არნემელთა გენერალური სპონსორის მიერ დაწესებული პრიზი „ვიტესის“ კაპიტანმა გურამ კაშიამ გადასცა.
ევროპის ლიგის საგზურს „ვიტესს“ „უტრეხტი“ შეეცილება.

 

უკრაინის პრემიერლიგის 31-ე ტურში დავით ხოჭოლავას “შახტარმა” ხარკოვში 1:0 დაამარცხა “ვერესი” და ვადამდე მოიპოვა ოქროს მედლები.
ამ შეხვედრაში დავითი სათადარიგო იყო.
ოქროს მედლების მოპოვების შემდეგ ხოჭოლავამ ПроФутбол-ს უთხრა:
“ძალიან კარგი კვირა იყო. პრინციპულ მეტოქეს ორი ტურნირი მოვუგეთ, სწორედ დღეს გვინდოდა გაგვემარჯვა. ვფიქრობ, ყველანი აღნიშნავენ, შემდეგ კი შევიკრიბებით, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა შეხვედრისთვის მოვემზადებით და პრემიერლიგის ბოლო თამაშის მოგებას შევეცდებით.
საჩემპიონო დერეფანი? პირადად მე და “შახტარსაც” გვესიამოვნება, თუ “დინამო” ამას გააკეთებს. თუმცა, არ ვიცი, რას აპირებს “დინამო”.

“დინამოსა” და “შახტარის” შეხვედრა 19 მაისს კიევში ჩატარდება.

 

რუსეთის პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში საბა კვირკველიას “ლოკომოტივი” ტულაში 0:2 დამარცხდა “არსენალთან”. საბა როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყო, 86-ე წუთზე მეტოქის კარში ბურთის ხელით გატანას ცდილობდა, მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

 

დანიის სუპერლიგაში სეზონი სრულდება და ქართველი ლეგიონერების გუნდების ბედი წყდება.
საბა ლობჟანიძის “რანდერსი”, პლეი აუტის ნახევარფინალში “ჰელსინგორს” დაუპირისპირდა (პირველი შეხვედრა 1:1). ქართველი ლეგიონერი, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, “ჰელსინგორთან” განმეორებით შეხვედრაში მატჩის გმირი გამოდგა. ქართველმა ორი გოლი გაიტანა და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
“რანდერსს” კიდევ ერთი შეხვედრა დარჩა სუპერლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში.

შვეიცარიის ჩემპიონატის 35-ე ტურში ვაკო გვილიას “ლუცერნი” “გრასჰოპერს” დაუზავდა (1:1). ქართველმა ნახევარმცველმა 63 წუთი ითამაშა. “ლუცერნს” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვს.

 

ქართველი მცველის, გიგი მჭედლიშვილის “გორიცა” ხორვატიის მე–2 დივიზიონის გამარჯვებულია და მომდევნო სეზონში ქვეყნის მთავარ ლიგაში იასპარეზებს. “სიბენიკთან” (1:1) შეხვედრაში “სამტრედიას” ყოფილმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ გიგი მჭედლიშვილი “გორიცას” 2018 წლის იანვარში შეუერთდა.

 

ესპანეთის ლა ლიგა 1/2/3–ის 39–ე ტურში აუტსაიდერების დაპირისპირება შედგა. “სევილია ბ”–მ “ჟიმნასტიკი” საკუთარ მოედანზე მიიღო და 1:0 დაამარცხა.
ტარაგონელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ სასტარტოში ითამაშა, თუმცა მე–60 წუთზე შეცვალეს.
“სევილიას” ქართველ ნახევარმცველს, გიორგი აბურჯანიას არ უთამაშია, თუმცა განაცხადში იყო.

 

ირაკლი ძარიამ ორი გოლი გაიტანა ალბანეთის ჩემპიონატის მატჩში. მისმა “კუკესიმ“ შინ 2:2 ითამაშა “ლუფტეტარისთან“ და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. საქმე ისაა, რომ ჩემპიონ “შკენდერბიუს“ ევროტურნირებზე გამოსვლა აკრძალული აქვს.

 

ყაზახეთში მეთერთმეტე ტური გაიმართა. ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის “ტობოლმა“ შინ 1:0 მოუგო “ქაირათს“ და მესამე ადგილზეა. კანკავამ 90 წუთი ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო..კვეკვესკირი 88-ე წუთზე შევიდა.

 

ზაქარია ბეგლარიშვილმა ისევ დუბლი შეასრულა. ესტონეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში მისმა გუნდმა, ტალინის „ფლორამ“ სტუმრად, „პარნუსი“ მიწასთან გაასწორა 8:1. 27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 28-ე და 81-ე წუთებზე გაიტანა გოლი და მიმდინარე სეზონში მესამე დუბლი შეასრულა – ბეგლარიშვილმა ბომბარდირებში 12 გოლით მე-2 ადგილზე აინაცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები