LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის ყველაზე ცნობილი ბაზრობები

385

ლონდონის კოლორიტული ბაზრობები, რომელთაც ხშირად სტუმრობენ ადგილობრივები, მოგზაურებშიც დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს, რადგან მრავალრიცხოვან დახლებზე ყველაფრის ნახვა შეიძლება ანტიკვარული ნივთებით დაწყებული, უგემრიელესი დელიკატესებით დასრულებული.

 

Portobello Road Market – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ე.წ. „რწყილების ბაზრობა“, რომელმაც გასული საუკუნის 50-იან წლებში მოიპოვა პოპულარობა, ყოველთვის სავსეა მუსიკოსებითა და მსახიობებით, რადგან სწორედ აქ შეიძლება ანტიკვარული ნივთების მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომ ფასად შეძენა.

Bermondsey Antiques Market – მართალია ბაზრობა, სადაც უამრავი ვინტაჟური ნივთია თავმოყრილი დილის 4 საათიდან ღამის 2 საათამდე მუშაობს, მაგრამ საუკეთესო ექსპონატები მაინც ადრიან დილას იყიდება.

Sunday Upmarket -საიველირო ნაწარმის, ვინტაჟური ტანსაცმლის, აქსესუარების, ჩანთების და ხელოვნების ნიმუშების 150 დახლის დათვალიერება, აუჩქარებლად, ადგილობრივ კაფეებში შეძენილი ყავითა და გემრიელი ფუნთუშით „შეიარაღებულს“ შეგიძლიათ. სხვათაშორის, სწორედ ლონდონის „სანდეი აფმარკეტი“ ითვლება კვირის ბაზრობების „წინაპრად“, რომლებიც დღეს მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში იმართება.

Old Spitalfields Market – დახურული სავაჭრო ობიექტი1638 წელს გაიხსნა, თუმცა პროდუქტის ცნობილმა ბაზარმა საუკუნეების მანძილზე აქტუალურობა დაკარგა და დღეს მის ადგილას მოდის მიმდევართა საყვარელი ბაზრობაა, სადაც ლონდონელი დიზაინერების მოდელებისა და აქსესუარების შეძენა შეიძლება.

Petticoat Lane Market – უენტვორტ-სთრითის უძველესი ბაზრობა არასდროს ისვენებს, კვირადღეს კი, დახლები ერთ-ორად მრავლდება და მეზობელ ქუჩასაც იკავებს, რადგან ძველი, თუმცა ორიგინალური და ხარისხიანი ტანსაცმლის შეძენა აქ ყოველთვის იაფად შეიძლება.

Leadenhall market – XIV საუკუნეში გახსნილი ბაზრობა, რომელიც მხოლოდ გარეული ფრინველის ხორცით ვაჭრობდა და სამეფო ოჯახის სამზარეულოს პერსონალსაც ხშირად სტუმრობდა, დღეს ლონდონის ერთ-ერთ საუკეთესო საპროდუქტო ბაზარად ითვლება.

Smithfield – ხორცის ყველაზე ძველი ბაზრის მუშაობა ადრიან დილას, ზუსტად ისე, როგორც საუკუნეების წინ სპეციალური ზარის რეკვით იწყება. სმიტფილდის ბაზრობას ადგილობრივებთან ერთად უცხოელი გურმანებიც ხშირად სტუმრობენ, რათა პატარა მაღაზია-კაფეებში დააგემოვნონ უგემრიელესი დელიკატესები.

Borough Market – კიდევ ერთი პროდუქტის ბაზარი 250 წელზე მეტია ფუნქციონირებს და მომხმარებელს რამდენიმე სახეობის ყველს, ახალ ბოსტნეულს და ადგილობრივი წარმოების სხვა პროდუქტს სთავაზობს.

Camden Market – არაფორმალური ბაზრობა ჩინური, ინდური და იაპონური კერძებით უმასპინძლდება სტუმრებს და ვინტაჟურ ტანსაცმლითან ერთად უამრავ სუვენირსაც სთავაზობს.

Broadway Market – ბაზრობა მხოლოდ შაბათობით, დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე მუშაობს, თუმცა სიამოვნებით მასპინძლობს ვეგეტარიანებს და ორგანული პროდუქტის მოყვარულებს. სხვათაშორის, „ბროდვეის ბაზრობას“ რეჟისორებისც ხშირად სტუმრობენ, სწორედ აქაა გადაღებული კეროლ რიდის ცნობილი ფილმ-ნუარი „თამაშიდან გავარდნილი“ (Odd Man Out) და კომედია „ბასტერი“ (Buster) ფილ კოლინზის მონაწილეობით.

Columbia Road Flower Market & Shops – ყვავილების ბაზრობის კვირადღეს სტუმრობა ლონდონელებმა დიდი ხანია ტრადიციად აქციეს, რადგან ულამაზესი თაიგულების გარდა, აქ ნებისმიერი ეკზოტიკური მცენარის შეძენაც შეიძლება.

Dover Street Market – ცნობილი ბაზრობა, სადაც ხშირად იყრიან თავს ახალგაზრდა დიზაინერები, მხატვრები და ტურისტები ექვს სართულზეა გაშლილი და მსურველებს ადგილობრივი დიზაინერების ხელით შექმნილ ორიგინალურ ნივთებს სთავაზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები