LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაცივრები გვეწვება, დენს არ გვაწვდიან” – გზაში დაკარგული ვოლტები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, მოსახლეობისთვის განკუთვნილი ელექტროენერგია გზაში იკარგება.

რეგიონს დენით “ენერგო-პრო ჯორჯია” ამარაგებს, თუმცა არასაკმარისი ტრანსფორმატორების გამო, მოსახლეობის ნაწილი, 220 ვოლტის გარეშე რჩება.

როგორც ადგილობრივები “ფორტუნასთან” ინტერვიუში აცხადებენ, ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ დისკომფორტს ქმნის და პრობლემის მოუგვარებლობის გამო, ზარალიც საკმაოდ დიდია.

ოჯახთა რაოდენობა, რომლებსაც პრობლემა ექმნებათ, დაახლოებით, 100-150-ია.

“დღესაც ისეთი დენია, რომ არანაირი ელექტროძრავა არ ირთვება. მეზობლებიც მეუბნებიან, რომ პრობლემები აქვთ. ძირითადად მაცივრები ეწვებათ.

ეს პრობლემა არასაკმარის და შორს დაყენებულ ტრანსფორმატორს უკავშირდება.

ვთხოვეთ “ენერგო-პრო ჯორჯიას”, რომ ახლოს დაედგათ ტრანსფორმატორი, მაგრამ ისინი ყველანაირად ცდილობენ თავიდან აიცილონ ქვესადგურის გაკეთება”, – განაცხადა “ფორტუნასთან” ბეჟან მონასელიძემ და აღნიშნა, რომ ვინც ტრანსფორმატორთან ახლოს ცხოვრობს იმას, ეს პრობლემა არ აწუხებს.

“ამ უბანზე ორი ტრანსფორმატორია, მაგრამ ორივე ერთნაირად მოშორებულია მოსახლეობისგან.

ამჟამად 140 ვოლტია დენი, როცა უნდა იყოს 220. იმასაც ვერ მაწვდიან, რაც კანონითაა გათვალისწინებული. ჩამოვარდება, შემდეგ აიწევა 180-მდე… 220 არასდროს არაა”, – განაცხადა მან.

მოსახლეობა პირად საუბრებში აცხადებს იმასაც, რომ “ენერგო-პრო ჯორჯია” არაფერს გააკეთებს თუ მოთხოვნა მეტ კილოვატზე არ იქნება, ამას კი წლების გამოცდილებით ადასტურებენ.

როგორც ირკვევა, კავთისხევში, დენის პრობლემა უკვე რამდენიმე წელია აქვთ. დაზარალებულ ოჯახებში ამბობენ, რომ “ენერგო-პრო ჯორჯიაში” მათი პრობლემების შესახებ ძალიან კარგად იციან…

 

“ივნისის ბოლომდე პრობლემა მოიხსნება?!”

“ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ეს არა მოსახლეობის, არამედ ერთი აბონენტის პრობლემაა. მათი თქმით, ხაზზე ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება და ივნისის ბოლოს ამ კონკრეტულ აბონენტს, რომელსაც საჩივარი ჰქონდა შეტანილი, პრობლემა მოეხსნება.

“აქ არ არის საუბარი მოსახლეობაზე, საუბარია მხოლოდ ერთ აბონენტზე, რომელმაც მისწერა წერილი სემეკს. ივნისის ბოლომდე ეს პრობლემა აღმოიფხვრება”, – განაცხადეს “ენერგო-პრო ჯორჯიაში” “ფორტუნასთან” საუბრისას, თუმცა სემეკში ამბობენ, რომ პრობლემა მთელ დასახლებას აქვს.

“მართალია წერილი ერთმა აბონენტმა შემოიტანა, თუმცა ჩვენმა ჯგუფმა, რომელიც ადგილზე გავგზავნეთ, დაადგინა, რომ ელექტროენერგიის სიმძლავრის პრობლემა, მთელ დასახლებას აქვს. ჩვენი დასკვნით “ენერგო-პრო ჯორჯიამ” ხარვეზი ივნისის ბოლომდე უნდა აღმოფხვრას”,  – აღნიშნეს “სემეკში”.

 

როგორ უნდა აღმოიფხვრას ხარვეზი

ელექტროინჟინერი ვალერი ჩოხელი უკვე წლებია ამ პრობლემის გადაჭრას, კავთისხევში, რამდენიმე სახლში ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.

როგორც ის ამბობს, ხაზების განახლება და სხვა სამუშაოები, ადგილზე უკვე ჩატარებულია, რამაც დაადასტურა, რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა, ახალი ტრანსფორმატორის დაყენებაა, რასაც “ენერგო-პრო ჯორჯია” თავს არიდებს.

“ტრანსფორმატორიდან ძალიან დიდი მანძილია დაშორებული, დაახლოებით 1500-1600 მეტრი. როგორც კი ოდნავ დაიტვირთება ხაზები, დენი თამაშობს. ეს პრობლემა ძალიან დიდი ხანია არის, ხაზები გამოცვალეს, თუმცა ამან არ უშველა. წლებია ძრავები იწვება ამის გამო და მოსახლეობა ზარალდება”, – განაცხადა “ფორტუნასთან” საუბარში ელექტროინჟინერმა ვალერი ჩოხელმა.

 

კანონი მოსახლეობის მხარესაა

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილების მიხედვით, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტი, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება, კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, “ენერგო-პრო ჯორჯიას” სემეკიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს. ასე რომ, ივნისის შემდეგ, მოსახლეობისთვის განკუთვნილი ვოლტები, წესით, გზაში აღარ უნდა დაიკარგოს.

ლევან ნიორაძის ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები