LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ქართველო ხალხო: ზაზა, NBA-ის თასი, გულშემატკივრები და ემოციები

53

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ქართველ ქომაგებს სპორტის სასახლეში NBA-ის საჩემპიონო თასი წარუდგინა.

ზაზა გულშემატკივრებს მიმართა და თავისი გამოსვლა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გახსენებით დაიწყო.
მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ომს შეეწირნენ, მისთვის სიამაყის მიზეზი არიან.

„ამ ხალხმა დაიცვა ქვეყნის ინტერესი, მე ისეთი ამაყი ვერ ვიქნები ამ თასით, როგორი ამაყიც ვარ ამ ბიჭებით, ვინც 2008 წელს ჩვენ ქვეყანას იცავდა და შეეწირა“, – აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.

 

 

თიკა მინდა გითხრა, შენ ხარ ულამაზესი, უჭკვიანესი და გმირი ქალბატონი, გმირი ხარ, რომ 10 წელია მიძლებ, სპორტსმენის ცოლობა არ არის იოლი, – ასე მიმართა ზაზა ფაჩულიამ თავის მეუღლეს.

ფაჩულიამ თავის პირველ მწვრთნელს ზურაბ სამხარაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ სამხარაძის დამსახურებაა, რომ ის კალათბურთს თამაშობს.

ზაზამ მადლობა გადაუხადა ასევე დედას და აღნიშნა, რომ ვიდრე სამხარაძესთან მივიდოდა, სწორედ დედამ შეაყვარა კალათბურთი.
ზაზამ დედასთან ერთად იცეკვა კიდეც.

 

„არ ვარ მიჩვეული, რომ სპორტის სასახლეში გამოვიდე და ხალხს მივმართო. ვალდებულიც ვიყავი, რომ ხალხმა იცოდეს რას ვგრძნობ ჩემი ქვეყნის, ამ ხალხის მიმართ და რა ადგილი უჭირავს ჩემს ქვეყანას და ჩემს გულშემატკივარს ჩემს კარიერაში და ჩემს ცხოვრებაში. მინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს ყველაზე მაგარი, ამისთვის ყველას, ვისაც რა შეგვიძლია, ვისაც რა გვევალება ის უნდა გავაკეთოთ დაუღალავად, გულით და ისე, რომ არაფერს ველოდოთ სხვა მხრიდან”, – აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.

ამასთან, საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ქართველ გულშემატკივარს მადლობა არაერთხელ გადაუხადა.
”დიდი მადლობა თქვენ, ჩემო გულშემატკივარო, ჩემო ქართველო ხალხო. აბსოლუტურად ყველაფრისთვის, რაც თქვენ წლების განმავლობაში ჩემთვის გააკეთეთ. რთულია გამოყო ნებისმიერი მომენტი, მაგრამ ალბათ, ყველაზე აღსანიშნავია, წლევანდელი წელი და ჰეშთეგი #NBAvote Zaza Pachulia”, – აღნიშნა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა.

 

მადლობა იმისთვის, რომ აკეთებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს და მადლობა იმისთვის, რომ ხარ ზაზა. საქართველო და ამერიკა ამაყია შენით, – ასე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ზაზა ფაჩულიას.

“მინდა მოგილოცო ჩემპიონო, გილოცავ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ეს უმშვენიერესი თასი ჩამოიტანეთ. თქვენ ქართველ ხალხს აძლევთ იმედს, რომ შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რაც სურთ, თუკი იმუშავებენ, და გახდნენ წარმატებულები. მადლობა იმისთვის, რომ აკეთებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს და მადლობა იმისთვის, რომ ხარ ზაზა. საქართველო და ამერიკა ამაყია შენით”, – განაცხადა იან კელიმ.

 

ღონისძიებაზე ასევე უჩვენეს ზაზა ფაჩულიას ამერიკელი თანაგუნდელების მიერ ჩაწერილი ვიდეო. ასევე, საქართველოში მოქალაქეების მიერ გადაღებული ვიდეორგოლები, სადაც ისინი ორიგინალურად აგდებენ კალათში ბურთს. ღონისძიებაზე საკალათბურთო პერფორმანსიც იყო წარმოდგენილი. შესრულდა რამდენიმე მუსიკალური ნომერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები