LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ზაზა: ქართველი NBA-ის ჩემპიონია!

67

ის, რაც რამდენი წლის წინ წარმოუდგენელი და ფანტასტიკის სფერო იყო, დღეს რეალობაა: ქართველი კალათბურთელი NBA-ის გამარჯვებულია. სამყარო, სადაც მოხვედრაც კი არარეალური ჩანდა, დღეს ქართველ სპორტსმენს ემორჩილება. ზაზა ფაჩულია ოქროს ასოებით შევიდა ქართული სპორტის ისტორიაში. აშკარა დაუჯერებელი – მოვლენა, რომელიც თითოეულ ქართველს სიამაყით განაწყობს.

მადლობა ზაზა!

დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში ზაზამ იმხელა მწვერვალს მიაღწია, რომ საქართველო უფრო დიდი და უფრო გულიანი გახადა. ის კახი კალაძესთან ერთად ჩვენი დროის გმირები არიან.

 

 

ზაზა ფაჩულიამ ის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო, რომელიც ოცნებად დარჩა ისეთი დიადი კალათბურთელებისთის, როგორებიც არიან: კარლ მელოუნი, ჩარლზ ბარკლი, ჯონ სტოქტონი, ელჯინ ბეილორი, დომინიკ უილკინსი, პატრიკ იუინგი, ალენ აივერსონი და სხვანი. ფაჩულიასთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა კევინ დიურანტმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ და დაჯილდოვების ცერემონიალზე პლეი ოფის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.

„გოლდენ სტეიტი“ ფინალურ სერიაში 3:1 უგებდა ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდს“ და შესანიშნავი შანსი ხელიდან არ გაუშვა. დიურანტის წინამძღოლობით, რომელმაც საბოლოოდ 39 ქულა მოიპოვა, ოკლენდელებმა 129:120 დაამარცხეს ლებრონის გუნდი და ჩემპიონები გახდნენ. ბოლო 3 სეზონში მხოლოდ ეს გუნდები იყვნენ ფინალში და გოლდენსტეიტელებმა პირველობა მეორედ იზეიმეს.

ჩემპიონობის მომტან მატჩში ქართელმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 მოხსნა (ყველა მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფაჩულიამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა. ორმაგი დუბლი მიითვალა სტეფ კარიმ – 34 ქულა, 10 პასი. 20 ქულა ჰქონდა ანდრე იგუდალას, კლეი ტომპსონმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ზაზა ფაჩულიას მაქსიმალური შედეგი აქამდე პლეი ოფის მეორე რაუნდი, ანუ ლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა იყო, რომელიც მან 9 წლის წინ “ატლანტა ჰოუქსის” შემადგენლობაში მოახერხა. ზაზამ ძლიერი 2015-16 წლების სეზონი ჩაატარა “დალასში”, რის შემდეგაც საჩემპიონოდ მომართულ “გოლდენ სტეიტი” გადავიდა და დღეს მსოფლიოს ყველა კალათბურთელისთვის საოცნებო ნბა-ს საჩემპიონო ბეჭედი მოირგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები