LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის ინფრასტრუქტურა: როგორ დაძლია ესპანეთის დედაქალაქმა საცობების პრობლემა

351

მადრიდი – ევროპის ეს ერთ-ერთი დიდი ქალაქი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით თანამედროვე მოთხოვნებს ფეხს უწყობს და, შეიძლება ითქვას, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებულიც კი გამოვიდა. არ არსებობს დიდი ქალაქი, სადაც მეტ-ნაკლებად არ იდგეს საცობების პრობლემა, მადრიდმა კი ეს გამოწვევა დაძლია, მით უმეტეს, რომ ხელისშემშლელი ფაქტორები ბევრი ქონდა: ის არის ქვეყნის დედაქალაქი, ხასიათდება მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით, არის მზარდი ბიზნესის ცენტრი, ქალაქის ისტორიული ადგილები დიდი ლავირების საშუალებას არ იძლევა და ა.შ. როგორ მოახერხა მადრიდმა ამ გამოწვევებისთვის ეპასუხა და შეუძლია თუ თბილისს მისი მაგალითის გათვალისწინება?

მადრიდში მარტო 2006 წელს 27 500 ახალი კომპანია შეიქმნა და მიუხედავად ასეთი შთაბეჭდავი ციფრისა, ქალაქს არ მომატებია საცობები. როგორ?

ინფრასტრუქტურის ფართო და თანამედროვე ქსელი, შესანიშნავი საავტომობილო და სარკინიგზო გზა და სწორი დასკვნების საფუძველზე ჭკვიანურად რეალიზებული სხვადასხვა ტიპის პროექტები. მივყვეთ.

მადრიდში დაახლოებით 2 მილიონი ავტომობილია, მაგრამ თითქმის არ არის საცობები. პიკის საათებშიც კი ტრანსპორტი არ ჩერდება, შეიძლება ოდნავ შეანელოს მოძრაობა. რაშია საიდუმლო – ალბათ ქალაქზე ზრუნვასა და ქალაქის ინფრასტრუქტურის შესაბამის მოდერნიზაციაში.

არ დაგვავიწყდეს თუ რამხელა როლი და ჯაფა აკისრია მადრიდს. ის ხომ გეოგრაფიული ესპანეთის შუაგულში მდებარეობს და სწორედ დედაქალაქის გავლით გადის ყველა ძირითადი სატრანსპორტო არტერია (შესაბამისად ტვირთების გადაზიდვა). თუმცა ეს არც ქალაქში და არც მის მისადგომებთან არ იგრძნობა.

მადრიდში სატრანზიტო ტრანსპორტი რომ არ შევიდეს, ქალაქს ორი წრიული გზა შემოავლეს (აშენდა 80-იან და 90-იან წლებში). თითოეულს ცალ მხარეს ოთხი ზოლი აქვს. ამას გარდა, ბოლო ათწლეულში დედაქალაქის სიახლოვეს გაჩნდა კიდევ სამი ნახევრადწრიული გზა. ეს იქ გააკეთეს, სადაც ტრანზიტი განსაკუთრებით დიდია. თუნდაც ამ მაგილითით შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ რამხელა ფუნქცია შეიძლება მიენიჭოს თბილისის შემოვლით გზას და როგორ განტვირთავს ის სანაპიროზე მოძრაობას. ასევე წესით დიდი ეფექტი უნდა გამოიღოს ქობულეთის შემოვლითმა გზამ.

ურთულესი საკითხი – საცობებთან ბრძოლა უშუალოდ მადრიდში. ამ ისტორიული ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შედარებით ვიწრო ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობაა დაწესებული. პარკირება ბევრგან თითქმის შეუძლებელია. აქ გამოსავალი მრავალიარუსიანი მიწისქვეშა სადგომებია. ისინი კი ყველგანაა. პლასა მაიორის ქვეშ, სამეფო სასახლესთან (ორიენტეზე), ესპანეთისა და კოლუმბის მოედნებზე და ა.შ. მოკლედ, აქ მიწისქვეშა ფარეხების და სადგომების მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ლოგიკა მარტივია: რაც ნაკლები მანქანა დგას ქუჩაზე, მით მარტივია მოძრაობა. მით უმეტეს, რომ პირველი ზოლი საზოგადოებრივ ტრანსპორტს – ავტობუსს და ტაქსს უკავია (ფოტოზე ჩანს მათთვის გამოყოფილი სავალი ადგილი).

IMG_9543

ამ მხრივ გამორჩეულია მართლაც რომ გამორჩეული სერანოს ქუჩა. მას „მადრიდის ოქროს არხს“ უწოდებენ, ამ ქუჩაზე განთავსებული ძვირფასი მაღაზიების გამო. ბოლო წლებში ეს ქუჩა რეკონსტრუქციას დაექვემდებარა – ფაქტობრივად მთელი ქუჩის გასწვრივ მიწისქვეშა სადგომებია. რაც შეეხება ახალი საცხოვრებლისა თუ ოფისის მშენებლობას, კანონის თანახმად (თუნდაც გარეუბანში) ქვედა ავტოფარეხის გარეშე ვერაფერი ვერ შენდება. თუ სწორად მახსოვს, ამ წესის შემოღებას ჩვენთანაც გეგმავენ, რომ ყველა ახალაშენებულ შენობას ქვეშ ავტოსადგომი გაუკეთონ.

IMG_9561

IMG_9584

რაც შეეხება პარკირებას, ის ყველგან ფასიანია, მხოლოდ ქალაქის მისადგომების გამოკლებით, სადაც დაბალშემოსავლიანი ხალხი ცხოვრობს. პარკირება ქუჩაზე უფრო იაფი ღირს, ვიდრე მიწისქვეშ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიგნება. ქალაქის მთავარი მაგისტრალების რეკონსტრუქცია. გვირაბების და ვიადუკების მშენებლობა. წრიული М-30 გზას რომ თავი დავანებოთ, რომელიც ისეა მოწყობილი რომ შუქნიშანი არ გხვდება და მასზე დღეში 600 ათასი ავტომობილი გადის, ქალაქში უამრავ ადგილზე შეხვდებით დაახლოებით ისეთ გვირაბებს, როგორიც გმირთა მოედანზეა. მოძრაობა მთავარ გზაზე რომ არ შეფერხდეს, შემხვედრი ტრანსპორტი მის ქვეშ გადის (ერთ-ერთ ფოტოზეც ჩანს ჩასასვლელი).

IMG_9532

არ ვიცი ეს რამდენად ამცირებს საცობების ოდენობას, მაგრამ ლამის ნახევარი ქალაქი მოტოციკლებით დადის. თუ ამსტერდამი ველოსიპედების ქალაქია, მადრიდს უფრო მოპედების და მოტოების ქალაქს დაუძახებდა კაცი. ამ მინიტრანსპორტის განვითარებაზე ისიც მეტყველებს, რომ დაპარკინგების პრობლემა მოხსნილი აქვთ, ყველგან აქვთ შესაბამისი გასაჩერებელი ადგილები.

IMG_9577

IMG_9284

მოტოს ბარემ ველოსიპედებიც მოვაყოლოთ. მთელ მადრიდში განვითარებულია მუნიციპალური ველოსიპედების ქირაობა (საათობრივად ხდება, შეგიძლია მთელი დღით იქირაო), ივლი სადაც გინდა და დატოვებ გაქირავების ნებისმიერ ადგილზე, არ არის აუცილებელი ზუსტად იმავე ადგილზე დაბრუნება.

IMG_9282

აეროპორტი. გაფართოებული და მოდერნიზირებული აეროპორტი (წლიურად 70 მლნ მგზავრის მიღება შეუძლია) მადრიდის კიდევ ერთი დიდი მიღწევაა. აეროპორტს ოთხი ტერმინალი აქვს, აქედან მეოთხე ცალკე მოშორებით მდებარეობს, ლამის სხვა ქალაქია.

ევროპის ამ ერთ-ერთ უდიდეს აეროპორტში მისვლისას შეფერხება არასდროს არ არის. აქაც ახსნა მარტივია: ქალაქიდან აეროპორტამდე სულ რაღაც 12 კმ-ია და მისვლა 6 სხვადასხვა საავტომობილო მარშრუტით არის შესაძლებელი (მათ შორის ერთი ფასიანია). არ დაგვავიწყდეს მეტროც – ბარახასამდე მეტრო ისე მიგიყვანთ, რომ გარეთ გასვლა არ გიწევთ და მეტროდან გამოსულები პირდაპირ აეროპორტის ტერმინალში ხართ.

ავტობუსი. მადრიდში ყოფნის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მიწევდა და უნდა აღვიშნო, რომ ამით სიამოვნებას ვიღებდი. მადრიდში ტრამვაი არ არის და ამიტომ მიწისზედა ტრანსპორტზე დაწოლა ავტობუსებზე მოდის. მიუხედავად 4-მილიონი ქალაქისა, აქ ავტობუსში ხალხმრავლობა არ შემხვედრია. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, ოღონდ საპატიო მიზეზით. მადრიდის „რეალის“ საშინაო მატჩზე ავტობუსით წავედი და სტადიონის სიახლოვეს ბოლო რამდენიმე გაჩერებაზე ჩვეულებრივზე მეტი ხალხი მოგროვდა (ისე თუ ავტობუსში ბევრი ხალხი მოგროვდა, მძღოლს შეუძლია არ გააჩეროს, ხალხი რომ არ შეწუხდეს – ჩვენი ”მარშუტკების” მძღოლები გაგახსენდათ, არა). სხვა შემთხვევებში მოდის ძალზე კომფორტული ავტობუსი, ადიხარ, ჯდები და ძალიან მალე მიგიყვანს დანიშნულების ადგილზე. მიზეზი შეიძლება აი ამაში იმალებოდეს: ერთხელ ავტობუსმა გაგვასწრო, მეორე კი… მესამე წუთს მოვიდა (მანამდე კიდევ რამდენიმე სხვა ნომერმა გამოიარა). მოკლედ იქ ტრანსპორტი გავსებას არ ელოდება და რაც მთავარია ”ყვითელი მარშუტკების” მძღოლების მსგავსად თავის ნებაზე არ დაყავთ. მარშუტკები კი მადრიდშიც, ისევე როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში და ქალაქში რა ფენომენია საერთოდ არ იციან (ღმერთმა არც გააგებინოთ) და იმედია ოდესმე ჩვენც მოვესწრებით უმარშუტკო თბილისს და აქაც გვეღირსება მსგავსი მეტრო, ავტობუსი თუ პრაღულ-ამსტერდამული ტრამვაი. ასეთ დროს სიმწრით გახსენდება ”ყვითელი მარშუტკის” მძღოლი (ნებისმიერი) – როგორ ეწევა სიგარეტს, ლანძღავს მგზავრებს (მთავრობასაც), გაუთავებლად ელაპარაკება სოფელში ვიღაცას რაღაცაზე, ზაფხულში მუდმივად „აფუჭებს“ კონდიციონერს და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ…

IMG_9140

IMG_9655

IMG_9659

დავუბრუნდეთ ავტობუსს. იგი მოდერნიზირებულია შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის, მათ უკანა კარიდან თავისუფლად შეუძლიათ ისარგებლონ. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ქალაქში საკმაოდ დიდი რაოდენობით შეხვდებით ეტლით მოსარგებლე ადამიანებს, თუმცა ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად მიიჩნევენ თავს და აქ მენტალობასა და შეხედულებებს რომ თავი დავანებოთ, მათთვის ყველგან და ყველაფერში გათვალისწინებულია მოსახერხებელი ინფრასტრუქტურა. ძველი სახლების სადარბაზოებში სპეციალური მინილიფტებია, ყველა ქუჩა, ტროტუარი მორგებულია მათზე, მეტიც ავტობუსის გაჩერებაზე ღილაკებია დამონტაჟებული, რომელიც უსინათლო მგზავრებისთვის არის განკუთვნილი. მიაჭერ ღილაკს და ხმოვანი შეტყობინებაა თუ რა ნომერი ავტობუსი მოვიდა და როდის მოვა (ქვედა ფოტოზე იხილეთ). თავიდან ვიტყვი: წარმოიდგინეთ – ავტობუსის გაჩერებაზე სპეციალური ღილაკით უსინათლო ადამიანები იგებენ თუ როდის მოვა მათთვის სასურველი ავტობუსი.

IMG_9535

download

ავტობუსით მგზავრობის ფასი. ერთჯერადი მგზავრობა 1.5 ევროა (შედარებისთვის, 2.7 ევროა ამსტერდამში ტრამვაით მგზავრობა). შეგიძლიათ შეიძინოთ 5, 10, 20-ჯერადი მგზავრობის ბილეთი (შეღავათს მიიღებთ), ადგილობრივებისთვის კი ყველაზე მოსახერხებელია მთელი თვის ტალონის შეძენა (50 ევრო ღირს) და ავტობუსით და მეტროთი იმდენი იარე, რამდენიც გინდა.

მეტრო. რვა ხაზია და თითქმის ყველგან მიდის, მოკლე გაჩერებებიცაა და ძალიან მოსახერხებელია, ფაქტობრივად არ არის ისეთი ადგილი, მეტროდან მერე კიდევ ბევრი რომ უნდა იარო (აეროპორტში რომ მიდის უკვე აღვიშნეთ). მეტროში გადაჯდომას დაკვირვება უნდა, განსაკუთრებით ინტერკამბიადორზე (ასეთი ოცია), იმდენი გასასვლელ-გადასასვლელია (სართულებად), თუმცა მინიშნებები ყველგანაა და სულ ოდნავ ტვინს თუ დაატანს ადამიანი, არ დაიკარგება.

ნაგავი. ამაზეც უნდა ვთქვა. სხვა ქალაქებშიც მინახავს და არ გამკვირვებია, სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისთვის სხვადასხვა ურნები რომ არის გამოყოფილი (მინის ტარისთვის ცალკეა, საკვებისთვის სხვა ჩასაგდები და ა.შ.). მადრიდში სამშენებლო ნარჩენები თუ გაქვს, იღებ ნებართვას, დროებით სახლთან დგამენ სატვირთო მანქანის ძარის მსგავს უზარმაზარ ურნას და იქ უნდა ჩაყარო, გარკვეული დროის შემდეგ მიაქვთ. ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომლებიც ხშირად დაუკითხავად მოისაქმებენ ხოლმე ქუჩაში, ცალკეა გათვალისწინებული ურნები, სადაც საჭირო პარკს აიღებს ძაღლის მეპატრონე და ქალაქსაც არ დააბინძურებს (ფოტოზე), ცალკეა ურნებზე სიგარეტის ჩასაქრობი და ჩასაგდები (ფოტოზე).

IMG_9373

IMG_9586

IMG_9619

ტროტუარები. აი კიდევ ერთი რამ რითაც მადრიდი უდაოდ დასაფასებელი ქალაქია. არაცენტრალურ ქუჩებს და უბნებს ვგულისხმობ, ძალიან ფართო ტროტუარებია და იარე და ისეირნე თავისუფლად რამდენიც გენებოს. სავალ გზებს შორის მოწყობილია ცალკე ტროტუარები – ანუ, ტროტუარი, შემდეგ ცალმხრივი მოძრაობა, მერე ისევ სასეირნო ადგილი, მერე საპირისპიროდ მოძრავი ცალმხრივი გზა და მერე კიდევ ერთი ტროტუარი. და ეს არ არის ერთი ან ორი შემთხვევა, ასეა ძალიან ბევრგან. ძალიან მაგარია. თან უმეტეს ადგილებზე ძალიან ფართო ტროტუარებია, ძირითადად გამწვანებული.

IMG_9545

IMG_9544

IMG_9539

შუქნიშნები. თბილისში რამდენიმე ადგილზე შუქნიშანი ხეებშია ჩაფლული და აყვავებული ხეების ფოთლებში იკარგება, მადრიდში კი შუქნიშნები ლამის შუა ქუჩამდეა გამოწეული და ადვილად შესამჩნევია (ფოტოზეც ნახავთ).

IMG_9134

ეს იცით რა არის: ტუალეტი ქუჩაში. ბევრგანაა.

IMG_9668

მოკლედ, ყველაფერს ვერ გადმოვიღებთ, მაგრამ ელემენტარულის გათვალისწინება ნამდვილად შეიძლება. თუნდაც ტრანსპორტის ნორმალურ, ადამიანურ რეჟიმში მოქცევა, ახალ სამშენებლო პროექტებში საპარკინგო ადგილების გთვალისწინება, შუქნიშნების, გადასასვლელების უკეთ დაგეგმვა და მოწყობა, შესაძლებლობის ფარგლებში მოძრაობის რეჟიმის გადახედვა, ბოლო-ბოლო იმას მაინც გადახედონ აეროპორტში ცარიელი ორი ვაგონი რომ დადის დღის საათებში და ლამის უკვე მემანქანეც რომ აღარ დაყვება… მივხედოთ შინაურ ცხოველებს, აღარ დავყაროთ ნაგავი, მოვაწყოთ საზოგადოებრივი საპირფარეშოები, შპს „თბილისის მიკროავტობუსმა“ გააფრთხილოს მძღოლები აღარ ეჩხუბონ მგზავრებს, მგზავრებმაც იქნებ ზოგჯერ გაჩერებებზე მოითხოვონ გაჩერება, იქნებ თანდათან დავნერგოთ ფეხით ოდნავ მეტი სიარულის კულტურა, ამასობაში მუნიციპალიტეტებმა მეტი გამოსადეგი ტროტუარი მოაწყონ, ტერიტორიები გაამწვანონ და ა.შ. – ჯერ ამით დავიწყოთ და მერე რაიმე კიდევ გამოჩნდება…

 

ვახტანგ დარასელია
მადრიდი-თბილისი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები