LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის ყველაზე გემრიელი ღირსშესანიშნაობა: ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა მიხვიდეთ

682

ყველა ქალაქს აქვს რაიმე განსაკუთრებული, ძველი, რომლითაც ამაყობს და ხალხს იზიდავს. აქ ოფიციალური ღირსშესანიშნაობები არ იგულისხმება და თუ მადრიდში მსგავს რაიმეს მოვიძიებთ, უთუოდ უნდა გამოვყოთ მართლაც აუცილებლად მოსანახულებელი ერთი პატარა, მაგრამ ძალიან პოპულარული ადგილი – სან ხინესის ჩოკოლატერია (საშოკოლადე).

1894 წლიდან მოყოლებული ეს მადრიდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია, რომელსაც აკავშირებდნენ სიტყვებთან „შოკოლადის ჩუროები“.

121 წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა, მეტიც, სენ ხინესის პატარა კაფემ სახელი დაიმკვიდრა როგორც ამ საფირმო ჩაროზის მსოფლიოში საუკეთესო მიმწოდებელმა.

სიტყვა გაგვიგრძელდა და რა არის ამისთანა ეს ჩოკოლატერია და ჩუროები? – არც მეტი არც ნაკლები – ცხელი შოკოლადი. ოღონდ მართლა ცხელი შოკოლადი და არა გაცხელებული კაკაო (თბილისურად). ჩუროები კი ერთგვარი გრძელი ფორმის ფუნთუშაა, რომელიც ყველაზე მეტად ალბათ მაინც ჩვენს 10-თეთრიან „პიშკებს“ წააგავს დამზადების მეთოდით.

ვინც კი ვინმე ცნობილ კაცს მადრიდში გაუვლია, ამ კაფეში აუცილებლად ყოფილა და ამის დამადასტურებლად კაფეში მათი ფოტოები გამოკრული.

კაფე ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, ულამაზესი არენალის ქუჩიდან (პუერტა დელ სოლის მიმდებარე ტერიტორია) ვიწრო შესახვევს აუყვებით და იქვეა ორი ფეხის ნაბიჯზე. აქ ადგილობრივები თუ ქალაქის სტუმრები 24 საათის განმავლობაში რიგში დგანან.

მადრიდის ისე დატოვება, რომ აქ არ შეიაროთ და ნამდვილი ცხელი შოკოლადი არ დააგემოვნოთ, დანაშაულიც კი იქნება, მით უმეტეს, რომ ეს არც თუ ძვირი სიამოვნებაა. არ მოგატყუებთ და ზუსტი ფასი არ ვიცი, მაგრამ ერთი ფინჯანი დაახლოებით 2 ევრო და 60 ცენტი უნდა ღირდეს, ყოველ შემთვევაში სამი ცხელი შოკოლადი და სამი პორცია ჩუროები ერთად 12 ევრომდე დაჯდა.

ამ წუთისთვის: გაყიდულია 1432655 ფინჯანი ცხელი შოკოლადი, 2362387 ჩუროები, კაფის ისტორია 121 წელს ითვლის და გეოგრაფია კი 5 ქვეყანას მოიცავს.

როდის მიხვიდეთ? – როცა გენებოთ, ჩოკოლატერია არ ისვენებს, მუშაობს 7 დღე და 24 საათი.

ვახტანგ დარასელია

მადრიდი-თბილისი

 

P.S. თუ ვინიცობაა და აქამდე არ გსმენიათ ჩოკოლატერიის შესახებ და ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტეთ აქ მისვლა, ერთი ცხელი შოკოლადი ჩემ სახელზე მიირთვით… გაამოთ!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები