LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგთის“ მუსიკალური წვეულება და დაბადების დღე Mario Biondi-სთან ერთად

371

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთის“ წელს 20 წლის საიუბილეო თარიღი შეუსრულდა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ორი დღის განმავლობაში მან ნამდვილი მუსიკალური წვეულება მოაწყო და მედიის წარმომადგენლები, ერთგული მომხმარებელი, ბიზნესსექტორი მიიწვია.

Fortuna.ge 22 სექტემბრის ღონისძიებას დაესწრო და დარბაზი საუკეთესო შთაბეჭდილებებით დავტოვეთ. „ერთგულების 20 წელიწადი“, ეს საღამოს მთავარი ფრაზა გახლდათ. „მაგთიმ“ კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას გასული წლების ერთგვარი ანგარიში ჩააბარა და განვლილი გზის, სირთულეების, ბარიერების, გამარჯვებებისა და წარმატებების აღსანიშნავად სპეციალურად გადაღებული ფილმი შესთავაზა, სადაც „მაგთის“ ისტორია კიდევ ერთხელ მოგვითხრეს და გაგვახსენეს, როგორ ვითარდებოდა კომპანია ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ… ასევე ვნახეთ „მაგთის“ აბონენტების, ცნობილი სახეების მილოცვებიც.

თბილისს „მაგთის“ იუბილეს აღსანიშნავად ცნობილი იტალიელი რიტმ ენდ ბლუზისა და სოულის შემსრულებელი, მარიო ბიონდი ეწვია. მომღერლის ტემბრს ხშირად ამსგავსებენ ბარი უაითის ხმას და ამ მცირედ მსგავსებას თქვენც დაინახავდით და მოისმენდით, თუკი გამართულ კონცერტებს დაესწრებოდით.

მარიო ბიონდი ჩვენ წინაშე ექვსკაციან ბენდთან ერთად წარდგა, შეასრულა ცნობილი სიმღერები საკუთარი რეპერტუარიდან (რომელთა ოდენობაც არცთუ მცირეა, რადგან მას ჯამში 9 ალბომი აქვს გამოცემული, ჯერჯერობით ბოლო – 2016 წელს), ასევე „Just The Way You Are“ ბარი უაითის და „After The Love Has Gone“ „Earth, Wind & Fire“-ის კომპოზიციებიდან.

ბიონდიმ მაყურებელიც ჩართო საკუთარ პერფორმანსებში, აპლოდისმენტებით რიტმის მიცემა და მისთვის მიმღერება ძალიან სახალისო მუსიკალური თამაში გამოდგა.

დამშვიდობების შემდეგ, მაყურებლის ტაშისა და მოთხოვნის შესაბამისად, ბიონდი ბენდთან ერთად სცენაზე დაბრუნდა და კიდევ ერთი სიმღერა შეასრულა. 46 წლის მომღერალს ძალიან მოეწონა ქართული აუდიტორია და მომავალი შეხვედრის იმედით დაგვიქნია ხელი.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები