LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი დღეს „კურიერში“ სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

160

დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავა „პროფილის“ მორიგი გამოშვება, რომელიც ბავშვთა პრობლემებს ეძღვნება. იმ ანონსის გამო, რომელიც ეთერში გადაცემის გასვლამდე ჩაეშვა, შეშფოთება გამოთქვა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, რომელმაც მოუწოდა ტელეკომპანიას, არ გაუშვას დღევანდელი გამოშვება ეთერში. დღეს კი იგივე მოწოდება გაიმეორა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო ცდილობს, ყველა მიმართულებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის მედიასაშუალებებით ბავშვთა სუიციდის ფაქტების ფართომასშტაბიანი პროპაგანდის შეზღუდვა.

გადაცემის ანონსს გამოეხმაურნენ ამ თემაზე მომუშავე სპეციალისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ სუიციდის თემის გაშუქებას დიდი სიფრთხილე სჭირდება და ცნობილია, რომ ასეთი გადაცემების ეთერში გასვლის შემდეგ თვითმკვლელობის სტატისტიკა იმატებს.

გადაცემის ავტორი მაია ასათიანი კი აცხადებს, რომ დღევანდელი „პროფილი“ არ ეძღვნება ბავშვთა სუიციდს და ეს არ არის მისი მთავარი თემა.

„პროფილის“ „ფეისბუქის“ გვერდზე ახლახან გავრცელდა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღევანდელი გადაცემა არის არა სუიციდზე, როგორც ამას ის ადამიანები ამტკიცებენ, ვისაც გადაცემა არ უნახავს, არამედ სუიციდის პრევენციაზე! გადაცემის სტუმრები ,გამოცდილი და ძალზე კომპეტენტური ფსიქოლოგები და ფსიქიატრები მსჯელობენ როგორ დავეხმაროთ გარდატეხის ასაკში მყოფი შვილების მშობლებს პრობლემების დაძლევაში! მოვუწოდებ ყველას ხელოვნურად ნუ ქმნიან სკანდალს იქ,სადაც ის არ არის. არ მესმის რატომ კეთდება წინასწარი შეფასებები,როცა გადაცემა არავის უნახავს.დღევანდელი პროფილი არ არის სუიციდზე!“

როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, დღევანდელი გადაცემა ეთერში აუცილებლად გავა. მაია ასათიანი კი 9-საათიან „კურიერში“ ჩაერთვება და სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები