LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის იუბილე: პოპის მეფის 5 ლეგენდარული კლიპი

318

29 აგვისტოს მაიკლ ჯექსონს 60 წელი შეუსრულდებოდა, თუმცა 2009 წელს ლეგენდარული მუსიკოსი მედიკამენტების ზედმეტი დოზის მიღებით გარდაიცვალა.

რა თქმა უნდა, პოპ-მუსიკის მეფის მრავალრიცხოვან მუსიკალურ შედევრებს შორის ძალიან რთულია საუკეთესოს არჩევა, მაგრამ ჩვენ მაინც შევარჩიეთ სპეცეფექტებით, ორიგინალური კოსტიუმებითა და სცენარით გამორჩეული რამდენიმე ვიდეო.

Billie Jean, 1983 – კლიპი ნამდვილ რევოლუციად იქცა, რადგან სწორედ სიმღერით Billie Jean დაიწყო ჯექსონმა რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლა. 1980-იან წლებში ტელეარხები უარს ამბობდნენ აფროამერიკელი შემსრულებლების ვიდეოების გაშვებაზე, თუმცა ჯექსონმა იმდებად მაღალი დონის პროდუქტი შესთავაზა MTV-ს, რომ არხის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო უარის თქმა. სწორედ ამ კლიპმა მისცა შანსი სხვა შავკანიან მუსიკოსებს საჯაროდ წარმოედგინათ საკუთარი შემოქმედება.

Beat It, 1983 – მეექვსე სტუდიურ ალბომში Thriller, რომელიც ნამდვილ ლეგენდად იქცა, Billie Jean-ის მსგავსად, სიმღერა Beat It-იც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ჯექსონისა და მისი მოცაეკვავეების მოძრაობების გამეორება ბევრმა სცადა, თუმცა სრულყოფილად არავის გამოუვიდა, Beat It-ის ქორეოგრაფია უნიკალურად იქნა აღიარებული და ეპოქის კულტურის ნაწილად იქცა.

Bad, 1987 – ჯექსონი პირველი იყო, ვინც მიხვდა, რომ სიმღერის კლიპი ბევრად მეტი იყო, ვიდრე სიუჟეტს მოკლებული ბანალური ვიდეორიგი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მუსიკოსმა ერთგავრი მინი-ფილმების გადაღება საკუთარი კომპოზიციებისთვის და ლეგენდარული Thriller-ის შემდეგ 18-წუთიანი ვიდეო შექმნა სიმღერაზე Bad. სხვათაშორის, კლიპის რეჟისორობა, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, თავად მარტინ სკორსეზემ ითავა, ჯექსონმა კი, პირველად მოსინჯა მოძრაობები სექსუალური ქვეტექსტით.

Leave Me Alone, 1989 – მართალია, ოფიციალურად კლიპი არ გამოვიდა, მაგრამ MTV-მ მაინც გადაწყვიტა მისი გაშვება. რამდენიმე პრემიაზე წარდგენილმა, მხატვრული ფილმის სტილისტიკით გადაღებულმა ვიდეომ საბოლოოდ კანის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“, „გრემი“ და MTV Video Music Awards-ის პრემიები მოიპოვა. სხვათაშორის, კლიპში მონაწილე მომხიბვლელი შიმპანზე ბაბზლი თავად ჯექსონის საკუთრებაა, რომელიც წესით საერთოდ არ ყოფილიყო გადასაღებ მოედანზე, თუმცა უყურადღბოდ დარჩენილი, საკუთარი ინიციატივით აძვრა ატრაქციონზე და კლიპის ვარსკვლავიც გახდა.

Black or White, 1991 – კლიპს დიდი რეზონანსი მოჰყვა და ყველაზე პოპულარულ ვიდეოდ იქცა, რადგან სულ მცირე 500 მლნ. ადამიანმა ნახა, რაც მუსიკალური ვიდეოსთვის მართლაც სოლიდური მაჩვენებელია. Black or White-ის ბიუჯეტმა 4 მლნ. დოლარი შეადგინა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური კლიპების რეიტინგში მოხვდა. ვიდეოს გადაღებას, რომელიც რვა კვირა გაგრძელდა, რეჟისორი ჯონ ლენდისი ხელმძღვანელობდა, სპეციალურ სტუმრებად კი, მაკოლეი კალკინი, ჯორჯ ვენდტი, პეგი ლიპტონი და ტეს ჰარპერი მიიწვიეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები