LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა კვიციანის მოდური რჩევები: ნაკლები რუჯი და ნაკლები ჭამა!..

1363

„დალოოდის“ კრეატიული დირექტორი, მაკა კვიციანი თბილისის მოდის კვირეულისთვის საგანგებოდ ემზადება, თუმცა ჩვენთვის დრო მაინც გამონახა. მე-13 სეზონის მოდის კვირეულზე „დალოოდი“ მოდის მოყვარულებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 31 მარტს უმასპინძლებს. „ძლიერი ქალბატონების“ კოლექცია მაკას მესამე პერსონალური ნამუშევარია. გაიგეთ დეტალები კოლექციისა და კვირეულის შესახებ და მიიღეთ მოდური რჩევები მაკა კვიციანისგან.

„დალოოდის“ ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე

წელს „დალოოდის“ ორი ჩვენება გვექნება. ერთი პირადად ჩემი შექმნილია, მეორე კი „დალოოდ“ ტალანტის ეგიდით კეთდება ანა დათუკიშვილთან ერთად. ანას დამთავრებული აქვს „მარანგონი“ – მოდის, კულტურისა და დიზაინის ინსტიტუტი. წელს მისთვის ეს პირველი სერიოზული ნამუშევარი იქნება. წარმოდგენილი იქნება 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია. დიდი მოლოდინი მაქვს, ეს „დალოოდ“ ჯგუფის ერთობლივი პროექტი იქნება.

რაც შეეხება ჩემს კოლექციას, რომელიც წარმოდგენილი იქნება ოპერაში, ბევრი ვიფიქრე, რა უნდა გამეკეთებინა. მგონია, რომ წლევანდელ კოლექციაში ისეთი რაღაცები მაქვს შეტანილი, რაზეც წინა წლებში არ მიმუშავია. გამოვიყენე ბევრი კუბოკრული ნაჭერი, დომინირებს მუქი ფერები: შავი და ნაცრისფერი. აგრეთვე არის კრემისფერი და ღაჟღაჟა მწვანე. რაც შეეხება ფორმებს, დიდი,  XXL ზომები ავირჩიე, დიდი შარვლები წინ ბალთებით. საწყის ეტაპზე კაცის პიჯაკი ავიღე და რამდენიმე ვარიანტად დავშალე, ორმაგი საყელოები გავუკეთე.

12910845_10209310833517280_559108558_nკოლექციის შთაგონების წყარო

დედაჩემის გარდერობი ძალიან დამეხმარა. კოლექციაში 90-იანი წლების თემატიკა შევიტანე. ჩავთვალე, რომ მომავალ წელს ძალიან აქტუალური იქნება ეს ყველაფერი.

„დალოოდის“ 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ქალი

ჩემი კოლექციის ქალი ძალიან ძლიერია. ყველა ამას ვერ ჩაიცვამს. უპირველეს ყოვლისა, ძლიერია, შინაგანად ძალიან ლამაზია და თვითონ გაჯერებს საკუთარ სილამაზეში.

ჩვენების ლოკაცია:  ოპერისა და ბალეტის თეატრი

ძალიან ბევრი ვიფიქრე ლოკაციაზე, მინდოდა განსხვავებული ყოფილიყო. ჩამოსული სტუმრებისთვის მინდოდა გამორჩეული ადგილი დაგვეხვედებინა. შოუს დროს ატმოსფეროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მოდის კვირეულის მთავარი სცენა ( „რუმსი თბილისი“) ძალიან საინტერესოა, არჩევანი ოპერაზე შევაჩერე. პრემიერაზე რომ ვიყავი, ცუდად გავხდი, გამოსვლა აღარ მინდოდა, ისეთი სილამაზეა. შთაგონების წყაროდ იქცა დარბაზები, შესაბამისად, ჩვენების გამართვა იქ გადავწყვიტე.

„დალოოდის“ ისტორია

„დალოოდი“ 2001 წლიდან არსებობს. წლევანდელი კოლექცია ჩემი პერსონალური მესამე სეზონია. დაარსების დასაწყისში დიზაინერი ნანა შუკვანი იყო, შემდეგ გვანცა ჯანაშია, გიორგი ამირეჯიბი, დათუნა სულიკაშვილი, გოლა დამიანი. ახლა მე ვარ. „დალოოდ“ ჯგუფი განაგრძობს კოლაბორაციებს. სალომე მხეიძესთან იგეგმება კოლაბორაცია, სავარაუდოდ, შემდეგ მოდის კვირეულზე მის კოლექციასაც წარვადგენთ. ახალგაზრდა ტალანტებს ყოველთვის ვეძებთ. „დალოოდ“ ჯგუფი ეხმარებათ მათ განვითარებაში.

12900233_10209310831597232_1972075865_n„დალოოდი“ საქართველოს ფარგლებს გარეთ

გაყიდვები მსოფლიო მასშტაბით გვაქვს. ძირითადი მომხმარებლები პოსტსაბჭოთა ქვეყნები არიან. უფრო მეტი წვდომა აქვთ, ინფორმირებულები არიან. რუსეთი, უკრაინა და  ყაზახეთი ძირითადი წყაროა გაყიდვების. სხვა არაბული ქვეყნებიც ყიდულობენ ჩვენს სამოსს, ქუვეითელებიც. ევროპა თავს დიდად არ იკლავს. ამერიკაში საკმაოდ წარმატებული გაყიდვები გვქონდა. „Malat“ (სვანურად მიყვარხარ-ს ნიშნავს)  ნიუ იორკში მდებარე 11 ქართველი დიზაინერის მაღაზია კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. ნიუ იორკმა ძალიან აიტაცა ქართველი დიზაინერების ნამუშევრები. ძირითადი მყიდველები ამერიკელები არიან. მალე ლოს ანჯელესშიც აპირებენ მაღაზიის გახსნას.

ახლა აზიის ათვისებას ვგეგმავთ. ჩინეთში, იაპონიაში, სინგაპურში გვინდა გასვლა. ევროპაზე მეტად აზიისკენ ვილტვით. მომავალი იქით არის.

„დალოოდის“ ქართველი  კლიენტები

თითქმის ყველას აცვია. ჩვენი ერთი კაბა მაინც, მე მგონი ყველა ცნობილ სახეს აქვს.

„დალოოდის“ კონკრეტული გეგმები

ერთ თვეში ინტერნეტსაიტის ამუშავება გვინდა. იმედია მალე გამოვა, დიდი ხანია ამაზე ვმუშაობთ. სექტემბერში ახალი მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ.

საყვარელი ბრენდები, დიზაინერები,  უახლესი კოლექციები

ყველაფერი მაცვია, არამარტო ჩემი. ძალიან ბევრ ქართველ დიზაინერთან ვიცვამ. უცხოური ბრენდებიდან მიყვარს Acne, CÉLINE, Prada. ამ სეზონზე Balenciaga-ს კოლექცია სასწაული იყო. Vetements-ის კოლექცია არ იყო ისეთი, როგორიც Balenciaga, ეტყობოდა დემნას გვასალიას, რომ იქ დაიხარჯა. მართლა გასაგიჟებელი იყო. ძალიან მაგარი შოუ აჩვენა Louis Vuitton-მა. ნიუ იორკში გამორჩეული იყო Rodarte-ს ჩვენება, Proenza Schouler ძალიან მიყვარს, წინა კოლექციაზე სუსტი იყო, მაგრამ მაინც მაგრები არიან. მილანის მოდის კვირეული მიძინებულია ხოლმე, სიახლე და სიგიჟე არ არის. კარგი იტალიური სამოსია.

12910818_10209310749915190_1777162005_n

საგაზაფხულო ტენდენციები, ფერები,  რჩევები

ნაკლები რუჯი! თბილისში უკვე ვხედავ გაშავებულ გოგონებს, ამიტომ მართლა პირველი, რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის. ჯინსი აქტუალური ტენდენციაა, ყველაფერში გამოყენებულია. ყველას გირჩევთ. მოდურია ბოდეებიც. ფერებს რაც შეეხება, მოდურია პასტელური ფერები, ატმისფერი, ჭუჭყიანი ვარდისფერი. აგრეთვე თეთრი, საზაფხულოდ საუკეთესოა. თბილისში ახალგაზრდა გოგონები რაღაც კონკრეტულ სტილს ანიჭებენ უპირატესობას, რაც ჯინსით და მაისურით შემოიფარგლება. საზღვრებს გარეთ ჩვენი მომხმარებლები უფრო გამბედავები არიან. ქართველი მომხმარებელი ჩვენს შეთავაზებულ კოლექციას აუცილებლად ცვლის. თავის გემოზე ირგებს. კომბინიზონებზე დიდი ბუმი ატყდა. დალი ჩიტალაძეს ეცვა და ამის შემდეგ ძალიან ბევრი მოვიდა მის შესაძენად. ყველამ თავისებურად შეცვალა და სხვანაირი კომბინიზონი გამოვიდა. მოდურია დიდი აქსესუარებიც, თუმცა მე დიდი მოყვარული არ ვარ. „დალოოდის“ კოლექციაშიც არის აქსესუარები, ქართული ასოების გულსამაგრები, მათზე ინიციალების დაწერა შესაძლებელია. ძალიან პოპულარულია. ჩვენი ჯინსის ქურთუკები ნაქარგებით საუკეთესოდ იყიდება.

#1 მოდური წესი მოდის მოყვარულებს

ალბათ, ბევრი არ უნდა ჭამო, არ ვიცი. ჭამა ყველას უყვარს, მეც მათ შორის, მაგრამ მაინც. თუ გინდა, რომ კარგად გამოიყურებოდე და რაღაც ჩანდეს შენზე, ნაკლები უნდა ჭამო.

ტატა ნაკანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები