LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძე ახალ წელს ახალ სახლში შეხვდება (ფოტოგალერეა)

53

მაკა ზამბახიძე შვილთან, სალომესთან ერთად სასტუმრო „ამბასადორში“ გვეწვია, სადაც „ფორტუნას“ საახალწლო ფოტოსესიის გადასაღებად ლამაზი და მყუდრო გარემო დაგვხვდა.

დედა-შვილმა ბევრი იპოზიორა ფოტოკამერის წინ, შემდეგ კი ინტერვიუსთვისაც მოიცალეს.

მაკა:

პირველ რიგში, მიულოცავ სრულიად საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს. ჩვენ გვაქვს ორმეტრიანი ნაძვის ხე, რომელსაც ახალ სახლში გადავიტანთ. ვემზადებით გადასასვლელად და დიდი ქაოსი გვაქვს. ძალიან დიდ საშუალებას მაძლევს მრავალფეროვნად მორთვისთვის, რადგან კერძო სახლია, თავისი ეზოთი. ხომ იცით, როგორ რთავენ ხოლმე? ძალიან მიხარია ახალი სახლი. მინდა, მალე მოვასწროთ გადასვლა, ახალ წლამდე.

კერძო სახლი ოცნება არ ყოფილა, არ მქონდა გათვალისწინებული, მაგრამ ჯერ მიწა შევიძინე, შემდეგ კი, სახლიც ავაშენეთ.

სალომე, დედასთან ერთად რთავ ხოლმე ნაძვის ხეს? ერთნაირი გემოვნება გაქვთ?

სალომე:

დედას, ძირითადად, არ ვეწინააღმდეგები, რადგან ვიცი, რომ ბოლოს მაინც ისე იქნება, როგორც მას უნდა. ჩემი რჩევები, ალბათ, არ არის ძლიერ გასათვალისწინებელი, მაგრამ ვცდილობ ხოლმე, რომ დავეხმარო და ჩემი წვლილი შევიტანო.

ვერ ვიტყვი, რომ ახალი წელი მიყვარს, რადგან მშობლები ამ დღესასწაულზე ჩემ გვერდით არ არიან და ძალიან ვიწყენ ხოლმე. ახალ წელს ვიწყებ დედის გარეშე, რაც ჩემთვის ძალიან ტრაგიკულია (იცინის).

მაკა:

ასე ხდება, რომ სულ საახალწლო კონცერტზე ვარ და მთელ საქართველოს ვულოცავ, ჩემი ოჯახის წევრებს კი მხოლოდ ტელეფონით. წელს, თუ სალომე მოინდომებს, აღარ არის პატარა და შეუძლია, წამოვიდეს ჩემთან ერთად.

სალომე:

რატომ უნდა გავიყინო (იცინის)? მაგრამ ალბათ მაინც წავალ. მინდა, დედასთან ერთად ვიყო ამ დღესასწაულზე. უფრო კარგად ვიგრძნობ თავს და უფრო ბედნიერი ვიქნები…

მაკა, სანტას სალომესთვის მიჰქონდა საჩუქრები?

რამდენჯერმე მიუტანა საჩუქარი, მაგრამ…

სალომე:

ერთხელ ჩემი წერილი დავმალე, მეორე დღეს საჩუქარი ვერ მივიღე და დავიწყე ტირილი, სად არის საჩუქარი-მეთქი. ბებიამ მიპასუხა, დედამ ვერ მოახერხაო. მას მერე გაბრაზებული ვიყავი, რომ არ არსებობდა, თუმცა… წმინდა ნიკოლოზი ხომ არსებობს, ჩემი აზრით, სანტა კლაუსი არის ახალი წლის მფარველი სული.

წელს რას ელოდები დედისგან?

ველოსიპედს (იღიმის).

მაკა:

შარშან რაც უნდოდა, ის მიიღო. სახლიდან გიჟივით გავრბოდი და მაშინ მომაძახა, იქნებ, ტელეფონი გეყიდაო. როგორ მომითმებდა გული, შევვარდი მაღაზიაში, გადაღებასა და გადაღებას შორის და შევიძინე.

შენ რას ისურვებდი?

მინდა, საქართველოში იყოს სიმშვიდე, ყველა ჩემი ახლობელი და საყვარელი ადამიანი მყავდეს კარგად, რაც დიდ ბედნიერებას მანიჭებს. რაც ასაკი მემატება, ყოველ დღე ვხვდები, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძვირფას ადამიანებთან დროის გატარება. ცხოვრება წამია და ყველას გაფრთხილება სჭირდება, წვრილმანების გამო არ ღირს გაბრაზება. ჩემი სურვილია, ყველას უყვარდეს ერთმანეთი…

ნინო მურღულია

 

 

 

 

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი2d406cca-af1a-4ceb-8e0b-4f16a401a7f6

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები