LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ კობაურის ადვოკატები ხადას ხეობაში ექსპერიმენტის ნებართვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ

89

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაურის ადვოკატები ხადას ხეობაში ექსპერიმენტის ნებართვის მოთხოვნით დღეს სასამართლოს მიმართავენ.

როგორც კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ აღნიშნა, სურთ, გადაამოწმონ, რამდენად რეალურ გარემოებეზე მიუთითებდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

„ისინი კვლავ ვერ იღებენ თავის თავზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, მოხდეს ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე გაყვანა და შემოწმება, რამდენად რეალურად შეესაბამება კობაურის ჩვენება საგამოძიებო მოქმედებებში ადრე მიღებულ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, კობაურმა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა და ფაქტობრივად, არ დასტურდება, რომ ეს რეალობას წარმოადგენს. მან მოგვაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ლოგიკურია. გვინდა, გადამოწმდეს, რამდენად რეალურ გარემოებებზე მიუთითებს კობაური, თუმცა ბრალდების მხარემ ვერ აიღო პასუხისმგებლობა.

დღეს აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ, სასამართლოს მეშვეობით მოხდეს მისი პენიტენციური დაწესებულებიდან გამოყვანა და ადგილზე ჩაყვანა, შესაბამისად, ამაზე არათუ ბრალდების მხარეს, არამედ სასამართლო აიღებს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა კობაიძემ.

ამასთან, ადვოკატები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ კობაური საკანში ექვს უვადო პატიმართან ერთად იმყოფება და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.

რაც შეეხება კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას, როგორც კობაურის ადვოკატები აცხადებენ, დასკვნით მტკიცდება, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა არ აქვს ცხედრებთან.

„დასკვნა, ფაქტობრივად, მოსულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი შემხებლობა არ გვქონია. ექპერტიზის პასუხი ისეთია, როგორსაც დაცვის მხარე ვარაუდობდა, რომ კობაურს არანაირი ბიოლოგიური შემხებლობა გვამებთან არ აქვს“, – განაცხადა კობაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები