LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ მაჩალიკაშვილი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აქციებს აანონსებს

35

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აქციებს აანონსებს. აღნიშნული განცხადება მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა. მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ აქციას სოლიდარობის მიზნით შეუერთდებიან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, მათ შორის ევროპაშიც. გარდაცვლილის მამის თქმით, არაერთი დაპირების მიუხედავად საქმე ობიექტურად გამოძიებული არ არის. იგი მოითხოვს როგორც სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის, ისე სპეცოპერაციაში მონაწილე და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას.

„მე ვიცი რას ნიშნავს მართლმადიდებლური სამყაროსთვის აღდგომა, ამიტომ ამ პერიოდის გავლას დაველოდები და დავიწყებთ აქციებს. მოთხოვნები უცვლელია, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას. გომელაურმა და მისმა ბანდამ, იმ სპეცრაზმელმა უნდა აგონ პასუხი. დაინტერესება საზღვარგარეთიდანაც არის და ჩვენი თანამოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან აპირებენ შემოგვიერთდნენ. მე თავად ვაპირებ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლას და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველებთან ერთად გავაპროტესტებთ უსამართლობას. მე საზოგადოებასთან ერთად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს!“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 19 წლის თემირლანი საავადმყოფოში 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.