LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს, რომელსაც მეზობელმა ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობა თავის, კისრის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება

60

მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის შოკიდან გამოვიდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ, განაცხადა.

ქაშიბაძის თქმით, პაციენტს სხეულის ოცი პროცენტი აქვს დამწვარი.

ეს არ არის ისეთი ტრავმა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 24 ან 48 საათში გაუმჯობესდეს  იმიტომ, რომ ძალიან ღრმა დამწვრობები აქვს მიღებული, განსაკუთრებით კი სახის და თავის არეში. სხეულის ოცი პროცენტი აქვს დამწვარი, ანუ თავი, კისერი, გულმკერდის წინა მხარე და ორივე მტევანი, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ტყიბულში, მეზობელს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.