LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამათში შევარდნაძის სახლმუზეუმი გაიხსნება

131

ლანჩხუთში, სოფელ მამათში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში მემორიალური მუზეუმის გახსნა იგეგმება. ეს საკითხი თავდაპირველად საკრებულოს წევრმა რომან ბიწაძემ გააჟღერა, თუმცა, მაშინ მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მამათის მაჟორიტარისგან პასუხად მიიღო, რომ შევარდნაძეების ოჯახი მუზეუმის გახსნას არ ეთანხმებოდა.

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ შევარდნაძეების ოჯახის ერთ-ერთ წევრს, ნუგზარ შევარდნაძეს საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე და დეპუტატი დარეჯან ბურჭულაძე შეხვდნენ და ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში მუზეუმის გახსნის მზაობა უკვე არის.

გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანამდე, ლანჩხუთის  საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში  დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. როგორც სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე განმარტავს, ამ 14 წევრისგან შემდგარი ჯგუფის მიზანია, მუზეუმის დაარსების წინა პერიოდში გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების გახორციელება.

აღმოჩნდა, რომ მუშა ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ  საკრებულოს წევრებს. მაგალითად, რომან ბიწაძე, რომელიც უშუალო ინიციატორი იყო, რომ მამათში შევარდნაძის მუზეუმი დაარსებულიყო, არ იზიარებს სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეას და მის შემადგენლობას ტოვებს. ბიწაძე საკუთარ გადაწყვეტილებას კანონმდებლობით ამყარებს და ამბობს, რომ ჯგუფში, ასევე, გაწევრიანებულია მისი თანაფრაქციელი ემზარ თედორაძე და რომ ერთი ფრაქციიდან ორი წევრი ვერ იქნებოდა.

იქ ყველაფერი მომზადებულია მუზეუმის გასახსნელად. რაღა საჭიროა 14-კაციანი ჯგუფი? სამიც საკმარისია საამისოდ. ოჯახთან მოლაპარაკებები უკვე შედგა. ახლა მხოლოდ აქტის გაფორმებაღაა დარჩენილი. ამისთვის თვეები და ჯგუფის შექმნა ნამდვილად არაა საჭირო“, _ ამბობენ ის დეპუტატები, რომლებიც ან საერთოდ არ იზიარებენ საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეას, ან მის მრავალრიცხოვნებაზე აქვთ პრეტენზია.

შენიშვნებს ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით არ ეთანხმება თავად ია ჩხაიძე, რომელიც მრავალრიცხოვნებას “ძალა ერთობაშია” პრინციპით ხსნის და ამბობს, რომ, როცა  მამათში შევარდნაძის მემორიალური მუზეუმი გაიხსნება, ის იქნება ნომერ პირველი ტურისტული ზონა და მრავალ დამთვალიერებელს მიიზიდავს.

 

წყარო “გურიანიუსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები