LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: ახალ სარკინიგზო ხაზზე პირველ სატვირთო მატარებელი 2 თვეში გაივლის

65

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე პირველ სატვირთო მატარებელი, დაახლოებით, 2 თვეში გაივლის, – ამის შესახებ ,,საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მან დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელ ჯავიდ ყურბანოვთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით, თბილისიდან კარწახამდე მატარებლით იმგზავრა.

,,ვფიქრობთ, დაახლოებით ორ თვეში მზად ვიქნებით, რომ გავატაროთ პირველი სატვირთო მატარებელი. რაც შეეხება სამგზავრო გადაყვანებს, ამას სჭირდება კიდევ დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შესყიდვა. ეს შედარებით საშუალოვადიანი პერსპექტივაა. რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ დაახლოებით, ორ თვეში მივიღოთ პირველი სატვირთო მატარებელი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, არის სურვილი, რომ კომერციული საქმიანობა მალე დაიწყოს, რის მიზეზადაც ბაზარზე მოთხოვნა და ამ კონტექსტში ჩინეთსა და თურქეთს შორის დღეს არსებული სავაჭრო რეჟიმი დაასახელა.

,,ბევრ კლიენტთან გვაქვს ურთიერთობა, რომელიც მზადაა, რომ საზღვაოდან ჩვენს ახალ მარშრუტზე გადმოერთოს და, შესაბამისად, ამოცანა დგას ასე, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სატვირთო გადაზიდვები”, – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები