LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე არ პასუხობს შეკითხვას, მოსწონს თუ არა იუსტიციის მინისტრის საქმიანობა

44

კითხვაზე, მოსწონს თუ არა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საქმიანობა, პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე არ  პასუხობს და აცხადებს, რომ მის გუნდს, ვისთან ერთადაც აიღებს პასუხისმგებლობას, 2-3 კვირაში წარადგენს.

“პროგრამა გამოწვევებს პასუხობს, რომელიც ქვეყანას აქვს, მაგრამ იმისთვის, რომ მთავრობა აღსრულებაში იყოს ეფექტური, ოპერატიული, საჭიროა, რომ ჯერ მივიღოთ მცირე მთავრობის კონფენცფია და შემდეგ დავიწყოთ წარმოდგენილი პროგრამის რეალიზაცია.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნებიან მინისტრები მომავალ კაბინეტში, 2-3 კვირის თავზე, როცა ჩვენ გავივლით ყველა შერჩევის პროცედურას, ბუნებრივია, საზოგადოებას მე წარვუდგენ გუნდს, ვისთან ერთადაც ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ პროგრამას შევასრულებთ,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან დამატებით განმარტება გააკეთა მცირე ზომის მთავრობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკაში მის მცირე წილს.

“ჩვენ არცერთ ფუნქციას არ დავაკნინებთ, პირიქით სამინისტროების შერწყმა განხორციელდება ფუნქციების და ამოცანების მიხედვით, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყნის ეკონომიკას არ უჯდებოდეს ძვირი სახელმწიფო მმართველობითი აპარატის შენახვა და აქედან გამომდინარე შემოგვაქვს ზღვარი, რაც არის მთლიანი შიდა პროდუქტის 3.9% რაც ნიშნავს თანხაში, რომ იმ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ დაახლოებით 100 -120 მილიონი ლარი გამოვათავისუფლოთ და მივმართოთ იმ სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის, განათლების მიმართულებაზე, რომელიც უფრო დიდი პრიორიტეტია ჩვენი გადასახედიდან,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატს ასევე ჰკითხეს, თუ სმენია გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომლის თანახმად, 90-იან წლებში ე.წ. საძმოს წევრი იყო, ასევე იყო ბერიას შთამომავალი.

„თქვენ გინდათ, უარვყო ან დავადასტურო ეს ინფორმაცია? მე ვადასტურებ, რომ ასეთი ინფორმაციის გამავრცელებლებს ნამდვილად კარგი ფანტაზიის უნარი აქვთ,” – აღნიშნა ბახტაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები