LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე აშშ-ში Microsoft-ის დამფუძნებელს და მსხვილ ინვესტორებს შეხვდება

81

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სპეციალური სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში, რომელიც „სარტყელი და გზა“ ინიციატივაში მსოფლიო ბანკის ჯგუფის მონაწილეობის გაზრდის საკითხებს მიეძღვნა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ახალი აბრეშუმის გზის იდეის განვითარებაში ჩართული ქვეყნების ფინანსთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

როგორც ბახტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოში 2021 წლამდე იგეგმება ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება, როგორებიც არის აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში.

ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ჰაბი რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკური და ფინანსური მიმართულებით. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პარალელურად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მსოფლიოს ორ უმსხვილეს პლატფორმას – ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. დისკუსიის ფარგლებში, ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, იმ პროექტებზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორ ქვეყნებთან – თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად. საქართველოში 2021 წლამდე ვგეგმავთ ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას, როგორებიც არის აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეიძლება მეტი კერძო ინვესტიცია იყოს მოზიდული ამ ძალიან დიდ იდეაში. სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბანკი აპირებს თვითონ აქტიურად იყოს ჩართული ამ იდეის განხორციელებაში. შესაბამისად, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მოქნილი დაფინანსება მოვიპოვოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ მსოფლიო ბანკი გეგმავს “ერთი გზა-ერთი სარტყელის” ფარგლებში თავისი მონაწილეობის გაზრდას და ალბათ, უახლოეს მომავალში, ჩვენ გვეცოდინება ის ფინანსური მექანიზმები, რომლებითაც ისინიამ სფეროში ჩაერთვებიან “, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან. შედგება პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები. დაგეგმილია მოლაპარაკებები მსხვილ ინვესტორებთან, რომლებიც მომავალ წელს საქართველოში გეგმავენ საკმაოდ მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას რეალურ სექტორსა და ლოგისტიკის სექტორში. დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის შეხვედრა Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსთანაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები