LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავარი ეკონომიკური გამოწვევა არის სიღარიბე

64

საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა რაც გვაქვს, არის სიღარიბე და ჩვენ მას ვერ დავამარცხებთ, თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზარდა მთლიან შიდა პროდუქტში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში, პრინციპული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიმართულებით.

„კიდევ ერთხელ მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აქ ჩვენ ძალიან პრინციპულ ნაბიჯებს გადავდგამთ. ნაწილი უკვე დაანონსებულია და საკმაოდ პრინციპული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უახლოეს მომავალში, რომ კიდევ უფრო წავახალისოთ მცირე და საშუალო ბიზნესი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რეფორმის შეფასებისას მთავრობის ეკონომიკური გუნდის ორიენტირებზე და აღნიშნა, რომ მთავრობის სურვილია, საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი შემდეგი წლების განმავლობაში.

„ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აქვს კონკრეტული ორიენტირი თითოეული რეფორმის შეფასებისას. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი შემდეგი წლების განმავლობაში. თუ ჩვენ MOODY -ს ავიღებთ ორიენტირად, ჩვენ დაგვრჩა ორი ნოჩი იმისთვის, რომ მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი. აქედან გამომდინარე, თითოეული რეფორმა ფასდება სწორედ ამ კრიტერიუმით, რამდენად დაგვეხმარება ჩვენ ეს მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი. რატომ ავირჩიეთ ეს მიდგომა, ამაზეც განვმარტავ, რომ როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, ბევრი მოსაზრება არსებობს და ყველა ქვეყანაში ეს დისკუსიის საგანია, მაგრამ ჩვენ გვსურდა, გვქონოდა კონკრეტული ორიენტირი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, გვქონოდა კონკრეტული დიალოგი როგორც ბიზნესთან, ისე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, საექსპერტო საზოგადოებასთან, თუ რატომ ვუნთებთ მწვანე შუქს კონკრეტულ რეფორმას ან რატომ არ ვაკეთებთ რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას. სწორედ ამ მიზნით შეირჩა ეს კრიტერიუმი, მინდა ღიად იცოდეთ ამის შესახებ და შესაბამისად, ჩვენ თითოეულ რეფორმას, მათ შორის იმ ბიზნეს ინიციატივებს, რომლებსაც მოვისმენთ ბიზნეს საზოგადოებიდან, სწორედ ამ კრიტერიუმით შევაფასებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა უნდა განვითარდეს კერძო სექტორის მეშვეობით და მთავრობა მზად არის ის მნიშვნელოვანი წარმატებები, რომელიც მიღწეულია ეკონომიკური გარემოს შექმნის თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები