LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ “აუდიტორია 115”-მა საპროტესტო აქციები უნდა შეაჩეროს

67

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე „აუდიტორია 115“-ის წევრებს მიმართავს, საპროტესტო აქციები შეაჩერონ, მარიამ ჯაშის თქმით, სტუდენტებს სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეთ.

დღეს ჯაში პარლამენტში „აუდიტორია 115“-ის წევრები მიიღო, შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა განაცხადა, რომ
5 დეკემბერს ჩატარდება საპარლამენტო კომიტეტის გაფართოებული სხდომა, რომელსაც სტუდენტებიც დაესწრებიან და მათ შესაძლებლობა მიეცემათ, საკუთარი პოზიციები ჩამოაყალიბონ.

„პირადად მე ვიზიარებ ორ ძირითად პრინციპს: ეს არის თანაბარი უფლებები ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე სტუდენტებისთვის და გარკვეული ცვლილებები, რომელიც სტუდენტებს თანაბარ შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის არჩევის წესზე. საჭიროა უფრო ფართო ფორმატში სამუშაო პროცესის დაწყება და მზად ვართ შევასრულოთ მედიატორის როლი. პირველი შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომ 5 დეკემბერს გაფართოებულ ფორმატში კომიტეტის წევრებთან ერთად მოვისმენთ „აუდიტორია 115“-ისა და სხვა სტუდენტების პოზიციებს. ჩვენ დავიწყებთ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურას. ჩემი პრინციპული თანხმობა არ ნიშნავს, რომ ჩემი კოლეგების თანხმობაც გარანტირებულია“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

თანაბარი უფლებების აუცილებლობაზე საუბრობს თსუ-ს რექტორიც. გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, რომ სტუდენტების უფლებები მთლიანად უნდა იყოს დაცული.

„რამდენიმე ჯგუფთან ძალიან სერიოზული პრობლემები განვიხილეთ. პრინციპში, საკამათო საკითხები ნაკლებადაა, უფრო მეტად არის შეფასებითი მიდგომები. პრინციპის დონეზე შეთანხმება ძალიან ადვილია. პრინციპი ერთია და სრულიად შეუვალი, რომელზეც ყველა მხარე ვთანხმდებით. ეს არის ის, რომ სტუდენტის უფლებები მთლიანად უნდა იყოს დაცული. ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები. საუბარი მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელზე არ არის. არის უფრო დიდ რეფორმაზე და ჯგუფებზე საუბარი. შესაძლებელია ცვლილებების გატანა მოხდეს საგაზაფხულო სესიაზეც“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები