LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ პავლიაშვილმა საქართველო დატოვა – რატომ აკრიტიკებს ქეთა თოფურიას

59

ქართული „ახალი ხმის“ ერთ-ერთი კონკურსანტი, მარიამ პავლიაშვილი, რომელიც შალვა რამიშვილის შოუში ბენდში მღეროდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ჯერ, როგორც თავად გვითხრა, ჯანმრთელობის მცირე პრობლემას მიხედავს, შემდეგ – საკუთარ კარიერას.

მარიამი „ფეისბუქის“ გვერდზე ძალიან აქტიურია. ამას წინათ „ვოისი საქართველო“ ქეთა თოფურიას მწვრთნელად ჩამოყვანისთვის გააკრიტიკა, შემდეგ კი ვიდეო გააზიარა, რომელსაც მიაწერა: „ქართული შოუბიზი“ და სარკაზმი აშკარა იყო, ვინაიდან კლიპი არცთუ სახარბიელოდ არის გადაღებული და შემსრულებელი დიდი ვოკალური მონაცემებითაც ვერ დაიკვეხნის.

მარიამ პავლიაშვილი:

ქვეყანაში არ არის რესურსი იმისთვის, რომ მუსიკოსმა საქმე კარგად აკეთოს. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგალითად, „X ფაქტორის“ გამარჯვებული იქნებოდა მრავალი ალბომის ავტორი და ა.შ. აბა, სადაა ყიფო (თორნიკე ყიფიანი – ავტ.). უნიჭიერესი და უმაგრესი ბიჭი. სადღაც ბარში მღერის?

საქართველო კარგ მუსიკოსებს აფუჭებს, თუმცა რისი ბრალია, ვერ ვიგებ. ალბათ, პოპულაციის, გემოვნების და ა.შ.

მუსიკოსების გაფუჭებაში რას გულისხმობ?

ქალაქის მთავარ კონცერტზე ახალ წელს ამდენი ხალხის წინ, ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსების კოლექტივი რომ გამოდის და ქავერებს უკრავს, ეს არაა სწორი. და რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მომღერლებს არ აქვთ ფინანსები და ინტერსი, რომ ახალი-ახალი სიმღერები აკეთონ, ალბომები ჩაწერონ. მღერიან ბარებში, ანდაც სულაც არსად და ირჩევენ ბანკის ოპერატორის პროფესიას, შემოსავალი რომ ჰქონდეთ, ან ექიმობას, ბიზნესს, მარკეტინგს. მუსიკას ვეღარ უთმობენ დროს და ვეღარ იზრდებიან. თუ მომღერალმა სულ ფორმაში ყოფნა ვერ შეძლო, ის ნელ-ნელა გაფუჭდება. როგორც კუნთი განიცდის ატროფირებას, როცა აღარ ვარჯიშობ, ისეა ხმაც.

დღეს რომ უსახური კლიპი დადე, ქართულ შოუბიზნესს რატომ გაგონებს?

სახელები და გვარები არ მახსოვს, მაგრამ რაც ამ ბოლო დროს კლიპები ვნახე, ყველა ამას ჰგავს (იცინის). და ინგლისურად, ქართველები ძირითადად, ასე მღერიან, ვინც ენა იცის, მათ არ ვგულისხმობ.

ქეთა თოფურია რატომ არ მოგწონს „ვოისის“ ჟიურიში? რუსეთში მომუშავე მომღერლების წინააღმდეგი ხარ?

რუსეთში ან სხვაგან მომუშავე ქართველებზე არ ვსაუბრობ. თუკი მომღერალი წავიდა სხვა ქვეყანაში და კარიერა აიწყო, მშვენიერია. როცა ასრულებ „დენ პობედის“ იმ ადამიანებისთვის, ვინც 2008 წელს შენი სისხლი დაღვარა, კარგი ეგეც, შენი საქმეა და შენი ცხოვრება, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაზე მეტია და მერე საკუთარ ქვეყანაში ჩამოსვლა და რაღაცის მეტრად ყოფნა მიუღებელია…

თუმცა ქეთა ძალიან უყვართ საქართველოში.

ალბათ მათ, ვინც ვერ საზღვრავს ომის სიმძიმეს და არ იცის, როდის უნდა იყოს პოლიტიკური და როდის აპოლიტიკური…

შენთვის ვინ არის მეტრი ქართულ შოუბიზნესში?

საკმაოდ ბევრი ადამიანია. ალეკო ბერძენიშვილს დავასახელებ.

რომელიც „X ფაქტორიდან“ გამოუშვეს…

ესეც ქვეყნის სირცხვილია, ესეთ ბიჭს რომ „X ფაქტორი“ სჭირდება, ხალხში რომ გამოჩნდეს.

ქვეყნის სირცხვილი რატომ არის და არა იმ ადამიანების, რომლებიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ?

იმიტომ, რომ ალეკო იქით უნდა იღებდეს ასეთ გადაწყვეტილებებს. გიორგი გაბუნია მუსიკაში მეტრი არ არის და ჟურნალისტიკაში როგორია, ეს მის ლექციაზე ვინც ზის, იმან გადაწყვიტოს. მუსიკაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას მაგალითად, ნინო ქათამაძე, რომელიც სხვა ქვეყნის მუსიკალური კონკურსის ჟიურიში მიიწვიეს. უამრავი წარმატებული და მაგარი მუსიკოსი გვყავს.

ამერიკაში ხარ. რას აკეთებ მანდ?

ჯერჯერობით დაბრუნებას არ ვაპირებ. აქ მომღერალი ვარ. ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, მანდ რომ კარგად ვყოფილიყავი. ჯერ პატარა ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი, სერიოზული არაფერი. ამის შემდეგ კი კარიერას მივხედავ. აქ უამრავი პერსპექტივაა, მთავარია, შრომა არ გეზარებოდეს. მე კი მცდელობას არ დავაკლებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები