LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანას განმეორებით მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდა

104

საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ამის შესახებ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის” ცენტრის იურისტმა, გურამ იმნაძემ, რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული აქტი, რომელიც მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

“დეკრიმინალიზაცია ნიშნავს, რომ კონკრეტული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირი სისხლის სამართლის დამნაშავედ აღარ მიიჩნევა. საკონსტიტუციოს დღევანდელი გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ მარიხუანას განმეორებითი მოხმარება დანაშაულად ითვლება, მაგრამ პირს ამისათვის პატიმრობას აღარ მიუსჯიან” – განმარტა გურამ იმნაძემ.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის” ცენტრის იურისტის თქმით, პატიმრობის გაუქმება მხოლოდ მარიხუანას შეძენა-შენახვას, დამზადებასა და მოხმარებას ეხება და ეს არ ვრცელდება რეალიზაციაზე. როგორც იმნაძემ აღნიშნა, პატიმრობის გაუქმება არ ვრცელდება სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე.

“საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უნდა გახდეს სისტემური და ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საფუძველი და ნარკოპოლიტიკა ხელისუფლებისათვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს. არასამთავრობო სექტორს გვაქვს კონკრეტული ინიციატივები ამ მიმართულებით. კერძოდ, ეს ეხება ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და მცირე რაოდენობით შენახვის დეკრიმინალიზაციას და ასევე იძულებით, შეურაცხმყოფელ ნარკოშემოწმებას” – განაცხადა გურამ იმნაძემ.