LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია – პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

161

საპატრიარქოში სასულიერო სემინარიის დაარსებიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო ღონისძიების მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ შეკრებაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის, მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტზე არ უსაუბრიათ.

კითხვაზე, დღევანდელ ღონისძიებაზე მარიხუანას კულტივაციის თაობაზე იყო თუ არა საუბარი, პროტოპრესვიტერი პასუხობს, რომ ეს კითხვა დღევანდელ დღეს არ უკავშირდება.

ამასთან, გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია და ეკლესია არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის აზრს.

„საქართველოს ეკლესიის მოღვაწეობა არის ჩვენი ხალხისთვის მოღვაწეობა. სხვა მიზანი ეკლესიას არ აქვს. მინდა ხაზგასმით ვთქვა, საქართველოს პატრიარქს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, მრევლს, ყველას ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს, რომ დაუშვებელია მარიხუანას კულტივაცია. საქართველოს ეკლესია თავის აზრს არ შეცვლის არავითარ შემთხვევაში. ეს დამოკიდებულება რჩება შეუცვლელ დამოკიდებულებად.

მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ჩვენს სახელმწიფოს და ეკლესია დგას ქართული სახელმწიფოს გვერდით. ეკლესია არ საუბრობს ამას დაპირისპირებისა და ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან. საპატრიარქო ჩვენი ხალხისადმი, სახელმწიფოსადმი დიდი სიყვარულით და ერთგულებით ამბობს, რომ დაუშვებელია მარიხუანას კულტივაცია და რომ ეს ზიანის მომტანი იქნება საქართველოსთვის,” – განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

ღონისძიებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა ღონისძიების დასრულების შემდეგ მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები