LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტის პრემიერები – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

71

„ოსკარის“ ცერემონიის დასრულების შემდეგ კინომოყვარულები ახალი კინოსეზონის ათვლას იწყებენ. ჩვენ უკვე გვაქვს იმ 10 საუკეთესო ფილმის სია, რომლის პრემიერაც მარტშია დაგეგმილი და რომელთა ნაწილი, სავარაუდოდ ამერიკის კინოაკადემიის მომდევნო წლის ფავორტთა შორის მოხვდება. მარტის საპრემიერო ჩვენებაში მოხვდა ყველა ჟანრისა და სტილის კინოსურათი, დაწყებული დეტექტივით, დასრულებული რომანტიკული ზღაპრებით.

 

  • ლოგანი (2 მარტი)

ცნობილი ფილმების სერიის „ადამიანები იქსი“ გაგრძელება, რომლის დასკვნით ნაწილშიც მაყურებელი ჰიუ ჯეკმანს იხილავს. ფილმის სიუჟეტი 2014 წლის მოვლენებით იწყება, როცა ფილმის გმირი საკუთარ ძალებს კარგავს. განსაკუთრებული ძალა ლოგანს მაშინ უბრუნდება, როცა ის ახალგაზრდა მუტანტს ხვდება, რომელსაც მისი დაცვა სჭირდება. ჰიუ ჯეკმანი ინტერვიუში ამბობს, რომ ისტორია სხვა რეალობაში ვითარდება, თუმცა თავად ფილმის რეჟისორი ჯეიმს მენგოლდი ამას არ ადასტურებს.

 

  • პერსონალური მყიდველი (2 მარტი)

ეს ფილმი პირველად კანის კინოფესტივალის ფარგლებში აჩვენეს და მას კრიტიკოსთა მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ფილმი ახალგაზრდა ქალის ისტორიას გვიყვება, რომელიც პარიზში ცხოვრობს და გერმანელი მოდელისთვის პერსონალურად არჩევს სამოსს. ერთი შეხედვით მისი ცხოვრება იდეალური ჩანს, თუმცა სინამდვილეში ის წარსულის მოგონებებით ცხოვრობს. აღმოჩნდება, რომ ფილმის გმირს ჰყავს გარდაცვლილი ძმა, რომლისაგანაც ახალგაზრდა ქალი ყოველდღე  გაურკვეველ ნიშანს ელოდება. არარეალური მოლოდინისა და ყოფითი ცხოვრების ლაბირინთში ფილმის გმირს დიდი არჩევანის გაკეთება მოუწევს. სურათში მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი ასრულებს.

 

  • ზოოსტარი (2 მარტი)

ეს გახლავთ ცნობილი სატელევიზიო შოუს, Voice-ის ანიმაციური ვერსია, რომლის მთავარი გმირებიც ცხოველები არიან. ფილმი მუსიკალური კონკურსის შესახებ გვიყვება, რომლის მთავარ გმირებსაც რიზ უიზერსფუნი, მეთიუ მაქონაჰი, სკარლეტ იოჰანსონი და ტორი კელი ახმოვანებენ. ეს ფილმი დიდებსაც მოეწონებათ, რადგან ანიმაციურ სურათში ბევრი ცნობილი ჰიტს ახლებურ ინტერპრეტაციას მოისმენთ.

https://www.youtube.com/watch?v=Y7uGHY-t80I

 

  • ოქრო (2 მარტი)

სათავგადასავლო ფილმი მეთიუ მაქონაჰის მონაწილეობით მეოცნებე მამაკაცზე გვიყვება, რომელიც ოქროს საძიებლად ინდონეზიის ჯუნგლებში მიემგზავრება. ოცნებას ის საბოლოოდ მიჰყავს დასახულ მიზნამდე, თუმცა ამისთვის მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

 

  • ნემსზე 2 (8 მარტი)

ცნობილი ბრიტანული დრამის მეორე ნაწილი, რომლის პრემიერაც 8 მარტსა შედგა. ახალი ფილმის სიუჟეტი ცნობილი მოვლენებიდან  20 წლის შემდეგ ვითარდება. კინოსურათის გმირები ცდილობენ, თავი დააღწიონ ნარკოტიკებს და ამჯერად არანაკლებ საშიშ ბიზნესში ინაცვლებენ.

 

  • ღამე პარიზში (9 მარტი)

ფრანგული კომედია, სადაც მოვლენები მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ ქალაქში ვითარდება. ფილმის გმირი თეატრის დირექტორია, რომელსაც ერთ ღამეში მოუწევს ფულის შოვნა, რათა მსახიობებმა ბოიკოტი არ გამოაცხადონ. სწორედ ამ ერთ ღამეში ცნობილი მექალთანე აღმოაჩენს, რომ წარმატება მოაქვს არა მამაკაცურ მომხიბვლელობას ან იღბლიან შემთხვევას, რამედ ქალის სილამაზეს.

 

  • ურჩხული და მზეთუნახავი (16 მარტი)

ყველასთვის საყვარელი „დისნეის“ ზღაპარი რეჟისორ ბილ კონდონის წყალობით ანიმაციიდან კინოში ინაცვლებს. კინოსურათში სიუჟეტი ერთი ერთში იმეორებს ლეგენდარული ანიმაციის სიუჟეტს, ფერებსა და დეკორაციას. სამაგიეროდ ურჩხულის ამპლუაში მაყურებელი „დაუნტონის სააბატოს“ ვარსკვლავს, დენ სტივენს იხილავს, ხოლო ლამაზმანის როლში „ჰარი პოტერის“ მსახიობი, ემა უოთსონი მოგვევლინება.

 

  • სპლიტი (16 მარტი)

ეს ფილმი ჯეიმს მაქევოის მომავალ წელს  უდაოდ მოუტანს ოსკარის ნომინაციას. ფილმი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მამაკაცის ისტორიას გვიყვება, რომლის ქცვეცნობიერშიც 23 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 3 დომინანტია – მანიაკი, დიასახლისი და 9 წლის ბიჭი.

 

  • უნა (30 მარტი)

ბრიტანელი რეჟისორის, ბენედიქტ ენდრიუსის მელოდრამა ყოფილი საყვარლების ისტორიას გვიყვება. უნას და რეის წლების წინ დიდი სიყვარული აკავშირებდათ, რომელმაც თითქმის გაანადგურა მათი ცხოვრება. წლების შემდეგ გოგონა ბრუნდება და ორივეს ცხოვრება ისევ თავდაყირა დგება. ფილმში მთავარ როლებს რუნი მარა და ბენ მენდელსონი ასრულებენ.

 

  • კონგი: თავის ქალის კუნძული (8 მარტი)

ჯორდან ვოტ-რობერტსის სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც ლეგენდარული კინგ-კონგის მოყვარულებისთვის შეიქმნა. ფილმში მთავარ როლებს სემუელ ჯექსონი, ბრი ლარსონი და ტომ ჰიდლსტონი ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები