LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტოხელა მშობლის სტატუსი, შესაძლოა, მათაც მიენიჭოთ, ვინც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, შვილს მარტო ზრდის

279

მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსი შესაძლოა გაფართოვდეს. მარტოხელა მშობლის სტატუსის ისეთი პირებისთვის მინიჭება იგეგმება, რომლებიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, შვილს 18 წლამდე მარტო ზრდიან.

სტატუსის გადახედვაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც დღეს აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

“სამოქალაქო კოდექსის“ დღეს არსებული ნორმის გათვალისწინებით, მარტოხელა მშობელი არის მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოება, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას გამორიცხავს.

“არიან სხვადასხვა კატეგორიის მარტოხელა მშობლები. ვფიქრობთ, რომ კანონში დღეს არსებული ჩანაწერი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსს განსაზღვრავს, იმ რეალობას არ პასუხობს, რასაც ყოველდღიურობაში ვხვდებით. არსებობენ კიდევ სხვა კატეგორიის მშობლები, რომელიც რეალურად მარტო ზრდიან შვილებს. არიან დედები ან მამები, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს და მათ ეს რეალობა პარტნიორის დაღუპვის შედეგად დაუდგათ“, – განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ყურადღება ისეთ მშობლებზე გამახვილდა, რომელთა შვილის დაბადების მოწმობაში ფორმალურად ორივე მშობელი ფიქსირდება, თუმცა ბავშვს რეალურად მხოლოდ ერთი მშობელი ზრდის. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მარტოხელა მშობლის სტატუსი ასეთ პირებზეც უნდა გავრცელდეს, თუმცა ლევან გოგიჩაიშვილის აზრით, მსგავს შემთხვევებში, ალიმენტის ინსტიტუმა უნდა იმუშაოს.

“აქ არის ხაზი, სადაც იწყება ალიმენტის პასუხისმგებლობა და სადაც ალიმენტის პასუხისმგებლობა არ დგება. ვიდრე მოქმედებას ალიმენტი არ იწყებს, მანამდე მარტოხელა მშობლის სტატუსმა და ამ სტატუსზე მიბმულმა პრივილეგიებმა უნდა იმუშაოს, რაც ადამიანებს ცხოვრებას გაუადვილებს. იქ სადაც ალიმენტის ინსტიტუტი შემოდის, უნდა დარჩეს ალიმენტის მომენტი. თუკი პრაქტიკაში ალიმენტის აღსრულების პრობლემას ვხედავთ, მაშინ ალიმენტის კომპონენტი უნდა გავაძლიეროთ როგორც აღსრულების მიმართულებით, ასევე პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართულებით. თუკი კანონით ისეთ ფორმულირებას მივიღებთ, რომლითაც ეს ორი რამ ერთმანეთს გადაფარავს, ალიმენტის ინსტიტუტს ძალიან დიდ დარტყმას მივაყენებთ, რაც კარგი არ იქნება. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ის ადამიანები წავახალისოთ, ვინც ალიმენტის გადახდას ისედაც არ აპირებს და იტყვის: სახელმწიფო აგერ არის და ბარემ ჩემს გადასახდელს, სახელმწიფო გადაიხდის“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები