LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემა წლის ბოლომდე ამოქმედდება

64

მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამოქმედდება. საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

 

 

რა შემთხვევაში ჩაითვლება მძღოლი სახიფათოდ

ტექნიკური დეტალები ჯერ-ჯერობით, დაზუსტებული არ არის, თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ქულათა ჩამოკლება მოხდება საპატრულო პოლიციის მიერ და არა უკონტაქტო პატრულის ჯარიმის მეშვეობით. შალვა ხუციშვილმა ვიდეოჯარიმებსა და ქულათა სისტემას შორის კავშირზე ისაუბრა. ხუციშვილის თქმით, ვიდეოჯარიმების დაგროვების შემთხვევაში, ინფორმაცია საპატრულო პოლიციას გადაეცემა და გარკვეული რაოდენობის შემდეგ, მძღოლი სახიფათოდ შეფასდება. რა რაოდენობის ქულა უნდა დააგროვოს მძღოლმა რომ სახიფათოდ შეფასდეს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამოქმედდება თუ არა მართვის უფლების შეჩერების მექანიზმი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივაა, რომ 100 ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ქულების ამოწურვის შემთხვევაში მძღოლს გარკვეული დროით მართვის მოწმობა ჩამოერთვას და შემდგომში ხელმეორედ მოუწიოს გამოცდის ჩაბარება მართვის უფლების დასაბრუნებლად.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის წევრებმა შალვა ხუციშვილს ახალი ვერსია შეთავაზეს – კომიტეტის წევრების ინიციატივით, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, ქულების ამოწურვის შემთხვევაში, მძღოლებისთვის მართვის უფლების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მათ გამოცდის ჩაბარების გარეშე დაიბრუნონ მართვის უფლება.
როგორც კომიტეტის წევრებს შალვა ხუციშვილმა განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტი, შესაძლოა, ჩასწორდეს და მძღოლს ქულების ამოწურვის შემთხვევაში 6 თვით ან ერთი წლით შეუჩერდეს მართვის უფლება.

„შესაძლოა, კანონპროექტი ჩასწორდეს ისე, რომ მძღოლს ქულების ამოწურვის შემთხვევაში 6 თვით ან ერთი წლით შეუჩერდეს მართვის უფლება. ხოლო თუ მას ექნება მართვის მოწმობის უფრო ადრე აღების სურვილი, ასეთ დროს მძღოლი გამოცდას ჩააბარებს,“ – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

აუცილებელია კარგად გააზრებული რეფორმა გატარდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას ქულათა სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების შესახებ, მხარს უჭერს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, წლის განმავლობაში ავტოავარიების შედეგად უამრავი ადამიანი იღუპება და საჭიროა პრევენციული ღონისძიებების მიღება. ეკა ბესელიას თქმით, ახალი რეფორმა გულისხმობს ყურადღების გამახვილებას ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ დარღვევებზე.

„დარღვევების შემთხვევაში, სასჯელი იქნება შესაბამისი და პრინციპული, რათა თავიდან ავიცილოთ ავარიები და გადავარჩინოთ მეტი ადამიანის სიცოცხლე. დავიცვათ უსაფრთხოება გზებზე – ეს არის მნიშვნელოვანი მიდგომა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.


როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, საგზაო მოძრაობის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით კონსულტაციების გავლილია როგორც უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან, ასევე ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან.

„დისკუსიები ამ საკითხზე დიდხანს გრძელდებოდა.
ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავიარეთ, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მსგავსი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში მუშაობს, წინასწარ უნდა მოხდეს გათვლა თუ რას მოიტანს ეს ცვლილება, აუცილებელია კარგად გააზრებული რეფორმა გატარდეს, რომელიც პირდაპირ მიმართული იქნება მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად,“ – აცხადებს ეკა ბესელია

სალომე კვარაცხელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები