LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა წლის ბოლომდე გადავადდა

164

მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა წლის ბოლომდე გადავადდა. შსს-ს მომსახურების სააგენტოში განცხადებით, შესაბამისი პროექტი თითქმის დასრულებულია. უწყების ცნობით, ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.

მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, ამ დრომდე 2018 წლის პირველი ნახევრიდან იყო დაანონსებული.

ამას გარდა, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ახალი სისტემით, საწყის ეტაპზე, ზუგდიდსა და ფოთში არ ჩატარდება, ვინაიდან ამ ორ ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ფოთსა და ზუგდიდში მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა, მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება.

„პროექტის საწყის ეტაპზე გამონაკლისი იქნება ზუგდიდისა და ფოთის მომსახურების ცენტრები, ვინაიდან ამ ქალაქებში მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციების, ასევე ასფალტის საფარის ცვლილებას ითვალისწინებს. ფოთსა და ზუგდიდში, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარება აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი,“ – განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.

მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება მოუწევთ. შესაბამის პირებს ვალდებულება ექნებათ, გამოცდა ჯერ ძველი სისტემით – დახურულ მოედანზე ჩააბარონ, ქალაქში – რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარების უფლებას კი მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები