LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარუნ 5“-ის ბათუმური კონცერტის დეტალები

209

„მარუნ 5“-მა ბათუმში, „საოცრებათა პარკში“, პროექტ „Check In Georgia“-ს ფარგლებში საათნახევრიანი კონცერტი გამართა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. სულ 34 000 ბილეთი გაიყიდა, მაყურებელი დასადგომ ადგილებზე, სხვადასხვა რგოლში გადანაწილდა. საუკეთესო ხილვადობა მაინც ე.წ. გოლდენ რინგს ჰქონდა, რომელიც სცენასთან ყველაზე ახლოს იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ და რობი უილიამსის, ასევე ეროს რამაზოტის კონცერტებისთვის, საქართველოში სცენა, განათება და აპარატურა ჩამოვიდა, რომლებიც რამდენიმე ათეულ ტრაილერში გადანაწილდა. შესაბამისად, ტექნიკურად, სამივე კონცერტი გამართული გახლდათ და ქართველ მაყურებელს მიეცა საშუალება, ამ კუთხით მაღალი ხარისხის ღონისძიებებისთვის ედევნებინა თვალი.

„მარუნ 5“-ის სრული შემადგენლობა კონცერტამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა საქართველოში. ჯგუფის ყველა წევრმა, ადამ ლევინის გარდა, რომელიც სასტუმროს ნომერში ისვენებდა და სატრენაჟორო დარბაზში ორი საათი ივარჯიშა, ქალაქის დათვალიერება მოისურვეს. ორგანიზატორებმა მათ ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლეს, სადაც ანსამბლმა „ერისიონმა“ მათთვის იმღერა. „მარუნ 5“-ის ერთ-ერთმა წევრმა ეს ვიდეო ჯგუფის „ფეისბუქის“ გვერდზე აღფრთოვანებული კომენტარით განათავსა. ორგანიზატორებმა წინასწარვე შეამზადეს მაყურებელი, რომ „ერისიონის“ მონაწილეობით კონცერტზე სიურპრიზი მზადდებოდა და ასეც მოხდა, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

„საოცრებათა პარკში“ კონცერტამდე ოთხი საათით ადრე მაყურებელმა შეკრება უკვე დაიწყო. პროგრამა ჯერ დიჯეიმ გახსნა, შემდეგ კი ჩვენ წინაშე Max The Sax წარდგა, მეტად სასიამოვნო პროგრამით, რომელიც დიჯეურ ტრეკებს, ცოცხლად დადებულ საქსოფონსა და დრამს აერთიანებს. ეს იყო ე.წ. „გამახურებელი“ გამოსვლა „მარუნ 5“-ის წინ, მაგრამ Max The Sax-მა მსმენელი ზომაზე მეტად აიყოლია და დიდი აპლოდისმენტების ფონზე დაასრულა საკუთარი პერფორმანსი. ამ მეტად ენერგიულმა გამოსვლამ საბედნიეროდ, წვიმის გარეშე ჩაიარა და პრინციპში, მხოლოდ ეს ერთი საათი გვქონდა ბედნიერება, საწვიმარების გარეშე ვმდგარიყავით პარკში, რადგან როგორც კი ტექნიკოსები მზადებას მორჩნენ და „მარუნ 5“-ის ინსტრუმენტებს სპეციალური შესაფუთი მოწყობილობა გადააძრეს, ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომ საწვიმარებიც კი არ შველოდა არავის…

ადამ ლევინმა, რომლის სცენაზე გამოჩენას დიდი ოვაციები მოჰყვა, ამინდის „მოთხოვნებს“ თავისი ჩაცმულობით უპასუხა, მას დახეული ჯინსი და სვიტერი ეცვა და შესაბამისი რეპლიკაც მოგვაშველა, ვწუხვარ, რომ ასეთი ამინდია, მაგრამ რას ვიზამთო…

პირველივე ჰიტის აჟღერებისთანავე უმრავლესობას წვიმის მსხვილი წვეთები დისკომფორტს აღარ უქმნიდა… ვინც წინასწარ გავრცელებული ჰიტების ჩამონათვალი ნახა, უკვე ვიცოდით, რომ კონცერტს ცნობილი სიმღერა „Animals“ გახსნიდა, რომელსაც სხვა არანაკლებ გაპაირებული სიმღერები მოსდევდა.

უნდა ითქვას, რომ პარკში „მარუნ 5“-ის აშკარად თავგადაკლული ფანები შეიკრიბნენ, რომლებმაც ყველა სიმღერის ტექსტი ზეპირად იცოდნენ. განსაკუთრებული აპლოდისმენტებით შეეგებნენ სიმღერებს: „This Love“, „Sunday Morning“… კონცერტის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი დაპირებული სიუპრიზი აღმოჩნდა. სცენაზე „ერიოსიონის“ წევრები გამოვიდნენ, ადამ ლევინს „შენ ხარ ვენახო“-თი ფონი შეუქმნეს და მან თავისი ერთ-ერთ კომპოზიციის მცირე ნაწილი მათთან ერთად შეასრულა. რასაკვირველია, ოვაციები დიდხანს არ დამცხრალა.

კონცერტი იმ სიმღერებით დასრულდა, რომლებსაც მაყურებელი ყველაზე მეტად ელოდა. შეიძლება ითქვას, რომ „Moves Like Jagger“ და „Sugar“ მაყურებელმა, ჯგუფის სოლისტთან დუეტში შეასრულა. კმაყოფილმა ლევინმა სცენა დატოვა, თუმცა ბისზე აღარ გამოსულა…

მოგვიანებით, „მარუნ 5“-მა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე, რომელსაც 40 მილიონამდე მომწონებელი ჰყავს, განათავსა ფოტო ბათუმური კონცერტიდან წარწერით – „ბათუმი შესანიშნავი იყო…“

ნინო მურღულია

[fbvideo link=”https://www.facebook.com/CheckinGeorgia2016/videos/vb.910749139023843/944515632313860/?type=2&theater” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/CheckinGeorgia2016/videos/vb.910749139023843/944511545647602/?type=2&theater” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები