LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასალა, რომლითაც ქართული ჩანთები მზადდება, გაძვირდა: რა გეგმები აქვს ”ბეგელსს”?

1425

მასალა, რომლითაც ქართული ჩანთები მზადდება, გაძვირდა. იმპორტირებულ პროდუქციაზე გაზრდილმა ფასებმა, მცირედით ადგილობრივი წარმოების ჩანთებიც გააძვირა. თუმცა, როგორც ”ფორტუნას” ბრენდ ”ბეგელსის” თანადამფუძნებელმა და დიზაინერმა ქეთი უბილავამ განუცხადა, ამ ეტაპზე კომპანია ”ბეგელსის” ჩანთებზე აქამდე არსებულ ტარიფს ინარჩუნებს.

”მიუხედავად იმისა, რომ გაგვიძვირდა თითქმის ყველა მასალა და დეტალი, რითიც ჩვენი ჩანთები იქმნება, ვცდილობთ, რომ ეს მომხმარებელზე არ აისახოს. ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაძვირდა წებო, ჯაჭვები, ასევე ტყავი და მისი შემცვლელი. თუმცა, ჩანთებზე საწყისი ფასი იგივე დავტოვეთ და ჩვენთან პატარა მოცულობის ჩანთის დამზადება ისევ 45 ლარი ჯდება. გარკვეული სახეობის ჩანთებზე კი ფასმა მცირედით მოიმატა”, – აღნიშნა უბილავამ.

მისივე ინფორმაციით, ”ბეგელსი” ამ ეტაპზე ჩანთების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობს, რათა ისინი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს. ბრენდმა უარი თქვა თხელი და შედარებით დაბალხარისხიანი ტყავის შემცვლელის გამოყენებაზე. როგორც ”ბეგელსის” დიზაინერი ამბობს, ამ ეტაპზე ქალბატონებისთვის ჩანთები მხოლოდ ნატურალური ტყავითა და ასევე მყარი ტყავის შემცვლელით იკერება. ამასთან, კომპანია გეგმავს მამაკაცის ჩანთების წარმოების დაწყებასაც.

”ჯერჯერობით მამაკაცის ჩანთებზე მოთხოვნა და დიდი დაინტერესება არ არის, თუმცა მათთვის ჩანთების წარმოებას მაინც ვგეგმავთ. ველოდებით დამკვეთებს”, – განმარტა ქეთი უბილავამ.

მისივე თქმით, ”ბეგელსი” კლავ აგრძელებს ინოვაციური ჩანთის წარმოებასაც, რომელიც ანათებს. ჩანთებში led სანათები მონტაჟდება და მისი მოხმარება ღამის საათებში უფრო მოსახერხებელი ხდება. ”ღამე ძალიან მნიშვნელოვანია ჩანთაში იპოვო საჭირო ნივთი, ”ბეგელსმა” ეს პრობლემა მარტივად გადაჭრა. სანათი ინთება როგორც სენსორულად, ასევე მექანიკურად სპეციალური ღილაკის საშუალებით”, – აღნიშნა უბილავამ.

”ბეგელსის” ხელნაკეთი ხის და ტყავის მასალისგან დამზადებული ჩანთები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, ე.წ Fab Lab-ში მზადება. ჩანთის დიზაინერები – ნათია მგელაძე და ქეთი უბილავა არიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები