LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასწავლებლობის მსურველთა ახალი შანსი – გაამართლებს თუ არა მინისტრის ინიციატივა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, დამწყებ და ახლაბედა პედაგოგებს ახალი შანსს აძლევს. სამინისტრო სკოლებში დამწყები პედაგოგების შესვლის ახალ სქემაზე მუშაობს. ინიციატივა, რომელიც უნივერსიტეტ ახალდამთავრებულ პედაგოგებს, მაღალმთიან სოფლებში სწავლების შესაძლებლობას მისცემს, ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.

ახალი შანსი კი გამოიხატება იმაში, რომ დამწყები და გამოცდილი პედაგოგები გაკვეთილს ერთად ჩაატარებენ. ახალბედა მასწავლებელი ისევე, როგორც გამოცდილი  ჩატარებულ გაკვეთილში ანაზღაურებას მიიღებს.

ახალი პედაგოგის შემოსვლა სკოლაში, გარკვეული აზრით ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა მოაკლდეს საათები. ეს გახდა ახალი პედაგოგების სკოლაში შესვლის წინააღმდეგობის გამომწვევი მიზეზი. ჩაკეტილი წრეა. ჩვენ ვაპირებთ, ვინც დაამთავრებს პედაგოგიურ ფაკულტეტებს, ახალდამთავრებულ პედაგოგებს მივაყოლოთ თავისი საათები იმ სკოლებში, სადაც პედაგოგების დეფიციტი გვაქვს. განსაკუთრებით სოფლის და ეროვნული უმცირესობების სკოლებში. თუ სკოლას, ჯამში, მათემატიკის 100 საათი ჰქონდა და ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდა პედაგოგი შევიდეს ამ სკოლაში, ჩვენ დავამატებთ საათებს და ეს იქნება ორი პედაგოგის მიერ ერთად ჩატარებული გაკვეთილი. ანუ გამოცდილი პედაგოგი და დამწყები პედაგოგი ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებს რაღაც პერიოდში,” – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, დასაწყისისთვის დაგეგმილია ასეთი 100-დან-200-მდე ახალბედა მასწავლებლების სკოლაში შეყვანა.

იქნება ეს სისტემისთვის ახალი სისხლის გადასხმის უმტკივნეულო, ჯანსაღი და კონკურენციაზე დამყარებული პროცესი. თუმცა, ამაზე ექსპერტები აცხადებენ, რომ ცალკე აღებული ეს ინიციატივა შედეგს ვერ გამოიღებს, თუ კანონით მასწავლებლის სტატუსის მოპოვება არ გამარტივდება.

დღეს არსებული რეგულაციები თუ არ შეიცვალა, ამ ინიციატივას აზრი არ ექნება. ეს პროცესი თუ გაცოცხლდება და ჩანაცვლებაზე  ორიენტირებული იქნება, უკეთესი გახდება. არსებულებს მოტივაცია ექნებათ შენარჩუნების და ახლებს მეტი მოტივაცია ექნებათ დარჩენის.  პროფესიაში შესვლა უნდა იყოს ადვილი და შემდეგ კი, როგორცკი შეხვალ პროფესიაში,  უნდა იყოს ხარისხის კონტროლის მექანიზმი, რომ არ მივიღოთ ვიღაც შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები. არსებულ პედაგოგებსაც  მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ, დღევანდელი მდგომარეობა არის შენარჩუნებაზე ორიენტირებული და უნდა იყოს ჩანაცვლებაზე ორიენტირებული,“  – განუცხადა „ფორტუნას“ ექსპერტმა განათლების საკითხებში, რევაზ აფხაზავამ.

რამდენი იქნება გამოყოფილი დამწყები პედაგოგებისთვის, იქნება ეს დამატებითი თანხა და რა სახით გამოყოფს ამ ფინანსურ რესურს სახელმწიფო, ამაზე „ფორტუნას“ განათლების სამინისტროში არ უპასუხეს.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები