LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაყვლისა და ჟოლოს კულტურების გაშენებას სახელმწიფო დააფინანსებს

425

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში, ფერმერებს საშუალება ექნებათ გააშენონ მაყვლისა და ჟოლოს კულტურები საქართველოს ყველა რეგიონში.ამავდროულად, პროექტს დაემატა კომშის გაშენების შესაძლებლობა კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთში.

ეს შესაძლებლობა მთავრობის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებულ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტში – „დანერგე მომავალი“ ცვლილება განხორციელდა. ცვლილებები მთელი საქართველოს მასშტაბით მრავალწლოვანი კულტურების გაშენებას ითვალისწინებს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს პროექტი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და უკვე 1 500 ჰა-ზე მეტი ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ბაღი მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებულია, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი ტიპის მებაღეობის განვითარებას გულისხმობს.

აღნიშნული კულტურების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს, ვინც აგროპროექტ „დანერგე მომავალში“ ჩაერთვებიან, სახელმწიფო ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის ღირებულების 50% -ს დაუფინანსებს. აგროპროექტი „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში უკვე გაშენდა 2044-ჰა მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები, ხოლო სახელმწიფოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 9,767,644 ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50% -ს.

სრული ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზით (15 01) ისარგებლონ.

პოპულალურები