LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომა გაუიაფდება

180

ფინანსთა მინისტრის თქმით, კომერციული ბანკების მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების გაზრდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს საქართველოში სიღარიბის დამარცხებაში, ხოლო დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სიღარიბის დამარცხების ერთადერი წყაროა მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარება და მას ალტერნატივა არ გააჩნია”, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული კონფერენციის – „ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში“ მიმდინარეობისას აღნიშნა.

ფინანსთა მინისტრმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების წყაროებზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ განმარტა ამ მხრივ წამოწყებული რეფორმის უპირატესობები.

„რაც შეეხება დაფინანსების სხვადასხვა წყაროებს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისე მსოფლიო ბანკი ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ საქართველოს, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ კომერციული ბანკების მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების გაზრდა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ჩვენ ვმუშაობთ ახალი ტიპის დაფინანსების მექანიზმებზე. გუშინ ჩვენ გავაჟღერეთ კონკრეტული სქემა, რომელიც საბანკო გარანტიების მეშვეობით საშუალებას მოგვცემს მეტი დაფინანსება მივაწოდოთ მცირე და საშუალო ბიზნესს დაბალი პროცენტით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაფინანსების წყარო უნდა იყოს რამდენიმე, რაც საშუალებას მოგვცემს ორჯერ და სამჯერ გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება, ისე, რომ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რომელიც თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს, რომ მივიღოთ საქართველოში ინკლუზიური ზრდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გაუიაფებს ეს რეფორმა მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვნად გაუიაფებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები