LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთა არის ახალი იერუსალიმი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს – ილია მეორე

234

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ილია მეორემ ღმერთს მშვიდობა და საქართველოს ერთიანობა შესთხოვა.

ქადაგებისას მან მცხეთის განსაკუთრებულ ისტორიაზე ისაუბრა.

„სიხარული და მწუხარება შეენაცვლებიან ერთმანეთს და როგორც ტყუპი ძმები, ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველსა და მცხეთას, კარგი და მძიმე. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მთლიანობა საქართველოისა. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, ქართველმა ადამიანმა რომ აიღოს ხელში მიწა და გამოწუროს, მოწამეების სისხლი გამოედინება, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ დიდი მადლი ტრიალებს ამ წმინდა ადგილზე. მეფის, პატრიარქებისა და ეპისკოპოსების კურთხევა სვეტიცხოველში ხდებოდა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

მცხეთა განსაკუთრებული ქალაქი და ადგილია. ქრისტეს შობამდე, ექვსი საუკუნით ადრე ჩამოტანილი იყო ​ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს დაიწყო ურთიერთობა ებრაელებსა და ქართველებს შორის. გაცილებით ადრე დაიწყო. შემთხვევით არ არის, რომ ჩამოტანილი იყო კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ყველაფერი მეტყველებს – სიწმინდეების ჩამობრძანება, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს. გარდაცვალების წინ მეფე მირიანმა უარი თქვა, ამ ადგილას დასაფლავებულიყო. თავს უღირსად თვლიდა, რომ აქ დაეკრძალათ და დაიკრძალა სამეფო ბაღში, სადაც არის სამთავროს დედათა მონასტერი. ბედნიერი ვართ, რომ ღმერთმა გვიბოძა ეს სამშობლო,“ – განაცხადა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დავით აღმაშენებლის ხატი, ხოლო თბილისის მერს, კახა კალაძეს თამარ მეფის ხატი გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები