LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე სუბელიანის ჩანაწერზე: ყველა კითხვას ბოლომდე ჩავყვებით

121

გავრცელებულმა ჩანაწერმა უამრავი კითხვის ნიშანი წარმოქმნა და ყველა კითხვას ბოლომდე ჩავყვებით, რომ არც ერთი დეტალი გამოუძიებელი არ დარჩეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

„ჩანაწერმა უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა, უამრავი მიმართულებით. საქართველოს დღევანდელი პარლამენტი მიხეილ სააკაშვილის სანოტარო ბიუროს ნამდვილად ვერ დაემსგავსება, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ უკვე ნანახი გვაქვს. ყველა კითხვას ბოლომდე ჩავყვებით, რომ ერთი დეტალიც გამოუძიებელი არ დარჩეს და ერთი კითხვა, თუნდაც წვრილმანიც კი, პასუხგაუცემელი არ დარჩეს. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებულად მკაცრი საპარლამენტო კონტროლი იქნება. პარლამენტი სააკაშვილის ნოტარიუსების მსგავსი არ იქნება და მსგავს ქმედებებს არ ჩაიდენს, რომ ვიღაცების „გაპრავებით“ იყოს დაკავებული. სუბელიანი რაც არ უნდა არარეალურ რაღაცებს ლაპარაკობდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქართული ოცნების ლიდერი ამბობს, რომ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის, გლდანის ციხეში, მირზა სუბელიანთან შეხვედრისთვის ერთადერთი გზა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაცემული ბრძანება იქნებოდა. რას შეეხება უშუალოდ აუდიოჩანაწერის შინაარს, მდინარაძე მას არარეალურად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა ნახსენები ფაქტი, რაზეც სუბელიანი ამ ჩანაწერში საუბრობს, გამოძიებულ იქნას.

“დღეს შეუძლებელია იმის დაჯერება, რასაც გუშინ ვისმენდით, მაგრამ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით გეუბნებით, თუ ერთი დეტალის შესახებ რამე კითხვა დარჩება, ჩვენ ვალდებული ვართ, ამას ბოლომდე ჩავყვეთ. ასევე, მნიშვნელოვანია, მსგავსი ჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალების ხელში როგორ ხვდება, არის თუ არა ეს იმ ნეგატიური, ბინძური პიარკამპანიის ნაწილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ ახორციელებს“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსთავი 2-მა, სავარაუდოდ, სუბელიანი-ჯაფარიძის შეხვედრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის თანახმად, სუბელიანი ამბობს, რომ ქართული ოცნების უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები აქვს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სუბელიანი საკანაში შესულ “ქართული ოცნების” დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს , აგრეთვე დევნილთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს დათო ცუხიშვილს ესაუბრება და ამბობს,  რომ საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში, წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან რამდენი ხანი უნდა დარჩეს იგი პატიმრობაში და მას ასევ უთხრეს,რომ ციხეში სახელმწიფოს გადასარცენად უნდა ჩამჯდარიყო.

ჩანაწერში სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს , რომ მისდამი მმართველი გუდნის დამოკიდებულებით და ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები