LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმე ამბავია, თუმცა, სხვანაირად არ ხერხდება – 4 მცირეწლოვნიან ოჯახს დახმარება თებერვალში აღუდგება

79

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ერკეთში, 7 სულიან ოჯახს, სადაც 4 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს სოციალური დახმარება დემოგრაფიული ცვლილების გამო შეუჩერდა, უფრო კონკრეტულად, კი ოჯახში ახალი ბავშვი გაჩნდა.

ინფორმაცია სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახზე, სადაც 6 წლის, 4-ის, 3-ის და 2 თვის ბავშვები იზრდებიან, აკა სინჯიკაშვილმა გაავრცელა. აკა სინჯიკაშვილი ამბობს, რომ საკვებით ოჯახს დრო და დრო მეზობლები ეხმარებიან, თუმცა უკანასკნელ დღეებში მათი დღიური ულუფა მხოლოდ ღორის ქონია.

სახლში არ აქვთ სკამი, მაგიდა, ჭურჭელი, ტანსაცმელი, არ აქვთ არც გაზი.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ზოგადად, სოციალური დახმარების აღდგენას საშუალოდ 2 თვე სჭირდება და ამისთვის სააგენტოს ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს. პირველი ერთი თვე ქულის ხელახლა დათვლისთვის არის საჭირო, თუ ოჯახს ისევ დაბალი ქულა ექნება, მეორე თვის ბოლოს კუთვნილ დახმარებას მიიღებს.

“ფორტუნას” კითხვაზე, ხომ არ იგეგმება პროცედურის გამარტივება ან მსგავს სიტუაციებში რაიმე ჩანაცვლებითი პროგრამის შემოღება,  სააგენტოში გვასუხობენ, რომ მდგომარეობის სირთულე კარგად ესმით, თუმცა, რაიმე ცვლილება არ იგეგემება.

“გეთანხმებით, რომ მძიმე ამბავია, მაგრამ როგორც ამიხსნეს, პროგრამულად სხვანაირად, სამწუხაროდ, არ გამოდის. მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის არ ითვლება, ბევრი ოჯახის გადამოწმება ხდება საქართველოს მასშტაბით.

სამწუხაროდ, რაიმე ჩანაცვლებითი პროგრამა სხვანაირი არ გვაქვს. ამ პროცედურებს კი ადმინისტრირებისთვის ეს დრო სჭირდება. მძიმე ამბავია ნამდვილად, მაგრამ სხვანაირად ადმინისტრირება არ ხერხდება,”- აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ერკეთში მცხოვრები 7 სულიანი ოჯახის ქულა უკვე დათვლილია და დახმარება თებერვალში აღუდგებათ. მათივე განცხადებით, ძველ თანხას ახალი ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი ფულადი დახმარებაც დაემატემა.

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები