LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე რა შსს-გან დაკვირვების და დამუშავების რეჟიმში ვარ? – პრეზიდენტი

94

“ეს არის შავი პროპაგანდა,”-ასე აფასებს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს. გიორგი მარგველაშვილი ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლი მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციაში იმყოფებოდა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცხადებდა. აღნიშნულ საკითხზე გიორგი მარგველაშვილმა “აჭარის ტელევიზიასთან” ისაუბრა.

“ბოლოს უკვე ისე იყო, რომ მავნებელი პრეზიდენტი ძირს უთხრის ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს ტექსტები, მე არ ვიცი ვინ წერდა, პირდაპირ „НКВД” ს პრესსამსახურის ვინმე ნარჩენი იყო, რომელიც ამ ტექსტებში ცდილობდა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს თემები მიეწოდებინა თუ არა, მაგრამ X ადამიანი იყო შეწყალებული 2 წლის წინ, 6 თვე მოაკლდა სასჯელიდან, დიდი ხანია გამოსული იქნებოდა, მსხვერპლი მიდის პოლიციაში და ამბობს, რომ მე მოკვლას მიპირებენ, გადის პოლიციის განყოფილებიდან და ამ ადამიანს კლავენ და დამნაშავე არის პრეზიდენტი და შეწყალების კომისია, როდესაც ორი წლის წინ, უნდა რაღაც განეჭვრიტა,”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი შსს-ს აკრიტიკებს, რომ მათ აქვთ შეწყალებული პირების მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა, რომელიც პრეზიდენტს არ მისცეს

“თურმე შს სამინისტრო რაღაცა მასალას ამუშავებს, რაღაცა სტატისტიკა აქვს, მე არ მეუბნებიან ამის თაობაზე. სტრუქტურა, რომელიც ვალდებულებაც არის, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთოს უკეთესი კრიმინოგენული ვითარებისთვის, პრეზიდენტს არ უზიარებს ამ სტატისტიკას და მე კითხვა მიჩნდება, რას ნიშნავს ეს? მე რა შს სამინისტროსგან დაკვირვების და დამუშავების რეჟიმში ვარ? თუ შენ რაღაც ინფორმაციას ფლობ, მე რატომ არ მიზიარებ?,”-განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები