LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე თვითონ უნდა მევლო რეგიონებში – რატომ ისარგებლა მედიკამენტების პროგრამით მოსახლეობის მცირე რიცხვმა

81

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას ამოქმედებისთანავე გამოუჩდნენ სკეპტიკოსები, ამოქმედებიდან 8 თვეში კი მათი კითხვებისთვის პასუხის გაცემა ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, პარლამენტში,  ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოუწია.

სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მინისტრს უთხრა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა წარუმატებელია.  ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ პროგრამით 200 000-მდე ადამიანს უნდა ესარგებლა, თუმცა მხოლოდ 13 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, მინისტრი რეპლიკით გამოეხმაურა.

“ეს რეაქციაც მეტყველებს იმაზე, რომ პროგრამა ჯერჯერობით წარუმატებელია. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროგრამით ისარგებლა სულ 13 ათასმა ადამიანმა, რით არის ეს განპირობებული? თქვენ შარშან განაცხადეთ, რომ ისარგებლებდა 150 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანი და ისარგებლა სულ 13 ათასმა ადამიანმა“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ მედიკამენტების პროგრამით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი მცირეა, თუმცა ამის მიზეზად ბიუროკრატიული ბარიერებს და საინფორმაციო კამპანიის ხარვეზებს ასახელებს. ჯანდაცვის მინისტრი ჭიაბერაშვილის განცხადებას ციფრებით მანიპულირებას უწოდებს.

”14 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით, თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. მუდამ გვქონდა ეს კითხვები, რომ შესაძლებლობა ამ პროგრამით სარგებლობის აქვს ბევრად მეტს, თუმცა სარგებლობს ძალიან ცოტა. რისკების შეფასება გავაკეთეთ რამდენიმე მიმართულებით: ხომ არ იყო ადმინისტრირების ბარიერები ანუ რთული ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა ხომ არ უწევდა პაციენტს მედიკამენტების საყიდლად. ვნახეთ, მაგრამ არა დომინანტი პრობლემა, რომელსაც მოევლება. კერძოდ, ეს არის ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა, როდესაც პაციენტს ქაღალდის წაღებაც კი არ დასჭირდება, ანუ ადმინისტრირება გაძლიერდება. მეორე მხარე რამაც ასეთი დაბალი რიცხვი გამოიწვია, არის საინფორმაციო კამპანიის ხარვეზი. მე თვითონ უნდა მევლო ალბათ რეგიონებში და მე თვითონ უნდა განმემარტა ამ პროგრამის მნიშვნელობა”, – განაცხადა სერგეენკომ.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში 2017 წლის 1-ელ ივლისს დაიწყო. პროგრამით სარგებლობა ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირს შეუძლია, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 100 000-ის ჩათვლით. ეგრეთ წოდებული უფასო წამლების პროგრამა 4 ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე ვრცელდება (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი). პროგრამის პრეზენტაციის აღინიშნა, რომ პროგრამით საშუალოდ 150 – 200 000 ადამიანი ისარგებლებდა, დღეის მონაცემებით პროგრამით 13 000-მა ადამიანმა ისარგებლა. ამჟამად წამლის სუბსიდირების პროგრამაში 23 დასახელების მედიკამენტი შედის. მთლიანობაში, სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი კი 3, 5 მილიონ ლარამდეა.

გაფართოების შედეგად პროგრამით ასაკით პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც ისარგებლებენ, მედიკამენტების რაოდენობის გაზრდა კი 50-მდე იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები