LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე წავალ ბოტკოველის ადგილზე, ან შორენას ადგილზე”-სკანდალური მასალა პროკურატურამ გაასაჯაროვა

52

მთავარი პროკურატურა “ციანიდის საქმეზე” გამოძიების შუალედურ შედეგებს და ვიდეო-აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც, უწყების ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძესა და ირაკლი მამალაძეს შორის საუბრებია ასახული.

პროკურატურის ინფორმაციით,  გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ასევე ჰპირდებოდა მომავალში არამართლზომიერ სარგებელს. ბრალდებული გეგმავდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა თანმხლებ პირებთან, მათ შორის შორენა თეთრუაშვილთან ერთად, რის გამოც  იგი ცდილობდა, სასწრაფო წესით შხამიანი ნივთიერება გერმანიაში გამგზავრებამდე შეეძინა. რადგან ირაკლი მამალაძემ ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და მზადყოფნა ჩართულიყო შესაბამის ღონისძიებებში, დაიგეგმა განმცხადებლისა და ბრალდებულის შეხვედრები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პირველი შეხვედრისას, ირაკლი მამალაძემ დეკანოზს აცნობა, რომ კალიუმის ციანიდის მოძიება განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და შესთავაზა მის ნაცვლად ნატრიუმის ციანიდის შეძენა, რომელიც აქტიურად გამოიყენება და იწარმოება საქართველოში. ბრალდებული დაინტერესდა ნატრიუმის ციანიდს ექნებოდა თუ არა რეაქცია და მიიღებდა თუ არა სასურველ შედეგს. სწორედ ამ შეხვედრისას,  4 თებერვალს – 16 საათსა და 28 წუთზე, ბრალდებულმა მისივე ტელეფონის გამოყენებით ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია ნატრიუმის ციანიდის შესახებ, რომლის მიხედვითაც გაარკვია, რომ დასახელებული ნივთიერება იყო ძლიერმოქმედი  შხამი და მისი ზემოქმედების მომწამვლელი ეფექტი ადამიანზე კალიუმის ციანიდის  ანალოგიურია. მას შემდეგ, რაც ბრალდებული დარწმუნდა, რომ ნატრიუმის ციანიდის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო სასიკვდილო შედეგის დადგომა, ირაკლი მამალაძეს სთხოვა მისი შეძენა. ამავდროულად, საუბარში ჩანს, რომ გიორგი მამალაძე მისი ქმედებების შედეგებს უკავშირებდა გარკვეულ იერარქიულ წინსვლას, რაც გაზრდიდა მის ძალაუფლებას საპატრიარქოში და აქედან გამომდინარე ირაკლი მამალაძესაც ჰპირდებოდა „კარგ ადგილს“.

2017 წლის 6 თებერვლის შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული ელოდებოდა თანხის გამოგზავნას შეთანხმებისამებრ ირაკლი მამალაძისთვის გადასაცემად, თუმცა მათ შორის შეხვედრა აღარ შედგა და ბრალდებულმა ნატრიუმის ციანიდი  ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირისგან შეიძინა და ისე რომ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს, 10 თებერვალს მიემგზავრებოდა გერმანიაში.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ  ბრალდებულს წინა თვეებშიც ჰქონდა მცდელობა მომწამლავი ნივთიერება კალიუმის ციანიდი შეეძინა სხვა პიროვნებისგანაც, რომელსაც სთხოვდა შხამიანი ნივთიერების უცხოეთიდან ჩამოტანას.

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

ასევე, ირაკლი მამალაძის მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილ ფურცელზე ხელნაწერით „კალიუმ ციანიდი“ ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხსენებული ხელნაწერი შესრულებულია გიორგი მამალაძის მიერ.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე,  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და  შენახვის ფაქტზე.

“ვინაიდან, საქმეზე მოპოვებული ცალკეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არსებობდა ეჭვი, რომ გიორგი მამალაძე შესაძლოა ამზადებდა სხვა პირების მკვლელობასაც, ასევე, რომ იგი სავარაუდოდ მოქმედებდა თანამზრახველებთან ერთად, გაძლიერებულ იქნა გერმანიაში ყოფნის დროს პატრიარქის უსაფრთხოება. აღნიშნული ვარაუდის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა აგრძელებს მუშაობას რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად, ამ ეტაპზე გასაჯაროვდა მხოლოდ ვიდეოჩანაწერების და ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი,” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები