LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიასაშუალებების წარმომადგენლები რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

40

ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია რუსთავი2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ვთვლით, რომ ამ ტელეკომპანიის საქმის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაგარემოსა და დემოკრატიის განვითარებაზე. სამწუხაროდ, ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან იყო ღია ნიშნები იმისა, რომ პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიიღო განჩინება, რომლითაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაერიოს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მიუთითოს მას, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა. რუსთავი 2-ის სასამართლოში მიმდინარე დავის პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლომ უმოკლეს დროში მიიღო გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც თავისი არსით საყოველთაო მნიშვნელობისაა და ამასთან, მოცულობითია. ქართული სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ამ და სხვა ფაქტებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია რუსთავი2–ის ამჟამინდელ მფლობელებს შეეზღუდათ ქვეყნის შიგნით სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ შთაბეჭდილების ფონზე, მოხარულები ვართ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა რუსთავი 2–ის საქმეს და დროებით შეაჩერა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. იმედს ვიტოვებთ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებას შესაძლებლობა ექნება, ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე, გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტული გარემო ქვეყანაში.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2 -ის საქმეზე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, რადგანაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და მიიჩნევს ხელისუფლების მცდელობად ხელში ჩაიგდოს ყველაზე რეიტინგული და ხელისუფლების მიმართ ერთ–ერთი ყველაზე კრიტიკული არხი. ვფიქრობთ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ კონსენსუსს ამ საკითხზე ევროპის სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობის გამო.

მედია პლურალიზმი ამჟამად საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის პარალელურად, ქვეყანაში დისკუსიის საგანია საზოგადოებრივი მაუწყებელის მომავალი. მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან არსებული ეჭვების ფონზე, ახალმა ხელმძღვანელობამ წარმოადგინა მაუწყებლის განვითარების გეგმა, რომელიც ყველა გადაცემის დახურვას ითვალისწინებს 2018 წლამდე. ამ ფონზე ქვეყნის მთავარ, ყველაზე რეიტინგულ, მთავრობისგან დამოუკიდებელი არხის მფლობელის შეცვლამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქართულ დემოკრატიას და მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მიუკერძოებელ ინფორმაციასა და მრავალფეროვან მოსაზრებებზე”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები