LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიკამენტებზე ქართული ანოტაციის დართვა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

112

ყველა მედიკამენტზე ქართული ანოტაციის დართვა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. აღნიშნულს ითვალისწინებს საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, თედო კობახიძის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა.

კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტად ქცევას მხარი დაუჭირა. თუმცა, კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებები, რის გამოც კანონპროექტად დარეგისტრირებამდე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაძლო რისკებს შეაფასებს.

„დღევანდელი რეგულაციით, მოთხოვნის შემთხვევაში აფთიაქი ვალდებულია გასცეს ქართული ინსტრუქცია. ამასთან ერთად, აფთიაქში თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს გამოკრული ანოტაცია, რომ მომხმარებელს ასეთი მოთხოვნის გაკეთების უფლება აქვს, თუმცა რამდენად ხდება ამ ნორმების დაცვა, ეს მსჯელობის საგანია. ერთ-ერთი არგუმენტი კანონპროექტის მოწინააღმდეგეების იყო, რომ უმჯობესია არსებული რეგულაციები გამკაცრდეს, ვიდრე ახალი კანონი მივიღოთ. თუმცა არ იყო დამაჯარებელი წინადადებები არც კანონპროექტის მომხრეებისგან, რომ ეს ნამდვილად ცალმხრივად დადებითი მოვლენა იქნება…

ასევე გამოითქვა მოსაზრებები, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ანოტაციის წარმოდგენის ვალდებულება ექნებათ მხოლოდ აფთიაქების მფლობელ კომპანიებს, გაეზრდებათ ხარჯები. არის მეორე მხარეც, რომ ჩვენ, ადამიანებს მათ მშობლიურ ენაზე უნდა მივაწოდოთ ინსტრუქცია. ხშირ შემთხვევაში აფთიაქებში არ არის გამოკრული, რომ ქართული ინსტრუქცია არსებობს და მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ის. გამოიკვეთა, რომ საკითხი შესასწავლია. არის სხვადასხვა მოსაზრებები. შეიქმნება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სამუშაო ჯგუფი და საჭირო იქნება დასაბუთებული არგუმენტები ამ საკითხთან მიმართებაში“, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები