LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედლები რუსეთიდან: ქვიშის რაგბიში ქალები და კაცებიც საპრიზო ადგილებზე გავიდნენ

162

ქვიშის რაგბის ქალთა და კაცთა ნაკრებებმა მოსკოვში გამართულ ევროპის პირველ კონტაქტურ ჩემპიონატზე ორი სინჯის მედლები მოიპოვეს.

ქვიშის რაგბის კონტაქტური ევროპის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა, თუმცა მანამდე სხვადასხვა დონის საერთაშორისო ტურნირები ხშირად იმართებოდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები გუნდები მასში მონაწილეობას ვერ იღებდნენ და მოსკოვში ქვიშის რაგბი პრაქტიკულად პირველად ითამაშეს.

გოგონებმა ტურნირზე განსაკუთრებულად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ეს იყო ქალთა 7-კაცა ნაკრების ბაზაზე შექმნილი გუნდი და შეთამაშების მხრივ პრობლემა არ იყო. ჯაბა მალაღურაძის შეგირდების მონდომება დიდი იყო და გუნდი შინ ვერცხლის მედლებით, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულით ბრუნდება.

მეორე სათამაშო დღის პირველ მატჩში ქართველი გოგონები იმ ბელორუსს შეხვდნენ, რომელსაც პირველ დღეს ბრძოლაში 6:5 სძლიეს. ამჯერად მეტოქემ წინააღმდეგობა ვერ გაგვიწია და საქართველომ ლამაზ სტილში, კომბინაციური თამაშით 6:1 იმარჯვა.

ფინალში მათი მეტოქე რუსეთის ძლიერი ნაკრები იყო, რომელსაც გამოცდილება არ აკლია და ეს გამოცდილება გადამწყვეტი აღმოჩნდა. მიუხედავად თავდადებული ბრძოლისა, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, ჩვენმა გოგონებმა კი ვერცხლის მედლები დამსახურებულად ჩაიბარეს. საქართველოს ნაკრებში განსაკუთრებით კაპიტანი ქეთი მოდებაძე გამოირჩა, რომელიც გაუვალი იყო დაცვაში და აქტიური შეტევაში.

კაცთა ნაკრებს ქვიშასთან ადაპტაციის გარდა შეთამაშების პრობლემაც ჰქონდა, თუმცა ბიჭების ბრძოლასა და მონდომებას ფუჭად არ ჩაუვლია და მოსკოვში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. პირველ დღეს, ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, მეოთხედფინალში მეტოქედ აზერბაიჯანი გვერგო და საქართველომ 7:2 იმარჯვა.

ნახევარფინალში რუსეთს შვხვდით და წინა დღეზე უკეთ ვეთამაშეთ. თუ შაბათს მასპინძლებმა 8:3 იმარჯვეს, ამჯერად 2-ით ნაკლები ლელო გაიტანეს – 6:3. სწორედ ამ მატჩში, გამოცდილ მეტოქესთან ჭიდილში იჩინა თავი პრაქტიკის ნაკლებობამ.

სამაგიეროდ, კაცთა ნაკრებმა ძალიან კარგად ჩაატარა მატჩი მე-3 ადგილისთვის და რუმინეთი 8:1 დაამარცხა. აშკარად იგრძნობოდა, რომ გამოცდილების მატებასთან ერთად, ჩვენი გუნდი უკეთ შეთამაშდა, ლელოები ლამაზი კომბინაციების შედეგად გაიტანა და ბრინჯაოს მედლები ალალად დაიმსახურა.

კაცთა ფინალში იტალიამ რუსეთი 6:5 დაამარცხა და ქვიშის რაგბის პირველი კონტაქტური ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

 

საქართველოს ნაკრებებმა მოსკოვში ასეთი შემადგენლობით ითამაშეს

ქალები: მარი გოგუაძე (თბილისი), თაკო მანაგაძე (ქუთაისი), ლოსანა ფოლადიშვილი (რუსთავი), ანი სირაძე (ქუთაისი), ნინო ტაბატაძე (თბილისი), ნიკოლ გალუზინსკაია (თბილისი), თიკა პაპუაშვილი (თბილისი), სალომე საღარაძე (თბილისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), ქეთი მოდებაძე (თბილისი), თიკა სიხარულიძე (თბილისი), სალომე მაკასარიშვილი (თბილისი).

მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

 

კაცები: გიორგი ჭუაძე (აკადემია), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), ივანე ხელაია (აკადემია), გიორგი გოგლიძე (აკადემია), ირაკლი ლუარსაბიშვილი (აკადემია), ალექსანდრე ზაბახიძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), ნიკა ცირეკიძე (ყოჩები), გიორგი წიკლაური (ჯიქი), ჯაბა კიკვიძე (ყოჩები), ვანო გაბროშვილი (ჯიქი).

მწვრთნელი: გიორგი ქოპილაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები