LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგრული იავნანა ლა სკალას სცენაზე: დამწვარი ვაგონები, ძვირფასი ქურქები და უცნობი ფაქტები სამსაჯო ისტორიებიდან

214

მევლუდ მიმინოშვილმა პირველი მატჩი 1965 წელს თბილისში, დიდუბეში მდებარე „სუკონკის“ ხრეშიან მოედანზე იმსაჯა და იქიდან მოყოლებული, ევროპაში სტადიონი არ დაუტოვებია. 1990 წელს ეროვნული ჩემპიონატის გახსნის მატჩიც მას ანდეს და საქართველოს ნაკრების პირველი შეხვედრაც, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ფინალი, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის გერმანია-ესპანეთის გადამწყვეტი შესარჩევი მატჩი, 1987 წლის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი…
თბილისის „დინამო“ თუ არ თამაშობდა, საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია სწორედ მევლუდ მიმინოშვილს ნიშნავდა ყველა იმ მატჩის მსაჯად, რომელსაც სსრკ ჩემპიონის ვინაობა უნდა გამოევლინა. ფეხბურთელებშიც ავტორიტეტი ჰქონდა და მისთვის მადლობასა და საჩუქრებს არც საბჭოთა ჩინოვნიკები იშურებდნენ…

 

სამეგრელოდან მსოფლიოსკენ…
სამეგრელოში 8 კლასი დავამთავრე და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, – ამბობს ბატონი მევლუდი, – სკოლაში და შემდგომ საავიაციო ტექნიკუმშიც, სპორტის რაიმე სახეობა თუ იყო, არაფერს დავკლებივარ. ცხადია, ფეხბურთსაც ვთამაშობდი და „დინამოს“ მატჩებზე დასწრება, ჩემთვის საოცნებო იყო. ბილეთები არ იშოვებოდა. ჰოდა, ერთხელაც რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯმა რობერტ გურგენიძემ შემიყვანა „დინამოს“ თამაშზე, მოგვიანებით კი მისივე რჩევით, მსაჯობა გადავწყვიტე. ფეხბურთის სამმართველოში მიმიყვანა მსაჯთა კურსებზე და საქმეც ასე დავიწყე. მახსოვს, პირველი მატჩი „სუკონკაზე“ ვიმსაჯე, ოღონდ, მაშინ ასისტენტი ვიყავი. ჩემი სამსაჯო კარიერაც სწორედ „სუკონკის“ სტადინიდან იწყება. რა თქმა უნდა, მას შემდეგ უამრავი შეხვედრა ვიმსაჯე, თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის შეხვედრას „დინამო“-„კოლხეთს“ რა დამავიწყებს?! 100 ათასი კაცი, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი და კათოლიკოს-პატრიარქი ტრიბუნაზე… წარმოუდგენელი ემოცია იყო და, ცხადია, ძალიან ვღელავდი. ამ თამაშის გარდა, იყო კიევის „დინამოსა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ ფინალის ტოლფასი მატჩი და „სპარტაკი“-„ზენიტის“ შეხვედრა, რის შემდეგაც „ზენიტი“ 1984 წელს პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

 

რა მოხდა კიევში?
კიევის „დინამოსა“ და „სპარტაკის“ მატჩის შემდეგ ისეთი ამბავი მოხდა, რაზეც მთელი ქვეყანა ალაპარაკდა. მოედანზე ბევრი არაფერი ყოფილა, „სპარტაკმა“ 1:0 მოიგო და ჩემპიონატის დამთავრებამდე გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მატჩის შემდეგ გამოვდივარ გასახდელიდან და რას ვხედავ – ჩემს წინ დგანან უკრაინის კომპარტიის პირველი მდივანი ვლადიმირ შჩერბიცკი და კიეველთა მწვრთნელი, ცხონებული ვალერი ლობანოვსკი. ერთი კი ვიფიქრე – პრაქტიკულად უშეცდომოდ ვიმსაჯე და რა პრეტენზია უნდა ჰქონდეთ-მეთქი, მაგრამ სანერვიულოდ არც მქონია საქმე. პირიქით, ორივემ მადლობა გადამიხადა. ამბავი კი საღამოს, კიევის ვაგზალზე მოხდა – მოსკოველმა ქომაგებმა სამგზავრო მატარებლის ორი ვაგონი დაწვეს. კარგად აღარ მახსოვს… იმ ამბავს, მგონი დიდი მსხვერპლიც მოჰყვა. სხვათა შორის, ვლადიმირ შჩერბიცკის მოგვიანებით კიდევ შევხვდი და მისგან საჩუქარიც მივიღე.

 

საჩუქარი პირველი მდივნისგან
კიევის „დინამოს“ მორიგი საშინაო მატჩის წინ გასახდელში ვხურდები და ამ დროს სტადიონის თანამშრომელი ყვირის – შეფი მოდის, შეფი მოდისო! ვიფიქრე, ვინ შეფი-მეთქი და ამ დროს ჩვენს ოთახში შჩერბიცკი შემოდის – უკრაინის ცკ-ის პირველი მდივანი და სსრკ პოლიტბიუროს წევრი. მისმა თანმხლებმა იქვე დიდი ყუთი დადო. ეს თქვენ, ჩემგანო – მეუბნება შჩერბიცკი. ყუთში იმ დროისთვის ძალზე იშვიათი და ძვირფასი სამი ქურქი დაგვხვდა. შჩერბიცკისთვის საჩუქარზე უარის თქმა, აბა, როგორ იქნებოდა?!

აუტანლები
მოედანზე ბევრი აუტანელი ფეხბურთელი შემხვედრია, მათგან ყველაზე უარესი კი ვალერი გაზაევი იყო, რომელსაც მთელი მატჩი ხელები ჰქონდა გაშლილი და ჩემს ყოველ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. არც ოლეგ ბლოხინი აკლებდა – რამდენადაც დიდი ფეხბურთელი იყო, იმდენადვე ცუდი ხასიათი ჰქონდა; მახსენდება დონეცკელი მცველი პიანიხი, ძალიან უხეში და უზრდელი ფეხბურთელი. ყველაზე სასიამოვნოდ კი ის მატჩები მაგონდება, როცა ლეონიდ ბურიაკი და რინატ დასაევი თამაშობდნენ. ძალიან კულტურული ფეხბურთელები იყვნენ, მათგან ერთ ზედმეტ სიტყვას ვერ გაიგებდი, თუ რაიმე ჰქონდათ საკითხავი, ლაპარაკს ბოდიშის მოხდით იწყებდნენ. მქონდა ბედნიერება და ფრანც ბეკენბაუერის, მიშელ პლატინის, ემილიო ბუტრაგენიოს, კევინ კიგანის, ჰორსტ ჰრუბეშის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს, ჯუზეპე ბერგომისა და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელების მონაწილეობით მიმსაჯია თამაშები. ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, დამნაშავენიც რომ ყოფილიყნენ, მათი დაჯარიმებაც კი მოგერიდებოდა.

 

სიმულიანტები
ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული ცსკა-ს თავდამსხმელი იგორ ტატარჩუკი იყო. მეტოქის საჯარიმო მოედანში შევიდოდა თუ არა, მაშინვე იშხლართებოდა და პენალტს ითხოვდა. თუმცა მისი ფანდები ჩემთან არ ჭრიდა, ვიცოდი, რომ სიმულანტი იყო და მატჩამდე ვაფრთხილებდი – ან სამართლიანად ითამაშებ, ან მოედანს დაგატოვებინებ-მეთქი. წითელი ბარათების ჩვენებას ვერიდებოდი და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებდი, თუ სხვა გზა აღარ იყო. ერთხელ, კიეველი ვლადიმირ ბესონოვი მეტოქეს ისე ეუხეშა, ლამის ძვლები დაუმტვრია, თუმცა მე ყვითელი ბარათიც არ ვუჩვენე. ბესონოვი არ იყო უხეში ფეხბურთელი და იმ ეპიზოდშიც მეტოქეს ფეხში შემთხვევით ჩაარტყა. ამის გარდაც ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა უხეშობაზე თვალი დამიხუჭავს, არც თამაში გამიფუჭებია და არც ფეხბურთელი გამიმწარებია. ერთხელ კი ყვითელი ბარათი ამოვიღე და ეს კინაღამ ძვირად დამიჯდა. ერევანში, „რაზდანის“ სტადიონზე სომხების კერპი ხორენ ოგანესიანი გავაფრთხილე. ერევანში თამაშისას მისთვის ყვითელი ბარათის ჩვენება საგმირო საქმედ მიიჩნეოდა. მატჩის ბოლოსკენ მან „სპარტაკის“ მეკარე დასაევს აშკარად ხელი ჰკრა და გოლი ისე გაიტანა. არ ჩავთვალე, ჩემი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ოგანესიანი ჩემკენ გაშმაგებული გამოიქცა. აღარ დავაყოვნე და ცხვირწინ ყვითელი დავახვედრე. ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

 

ჩამწყობები
კი, ამბობენ, რომ კიეველები ჩემპიონები ჩაწყობით ხდებოდნენო, მაგრამ მთლად ეგრეც არ იყო. კიევის „დინამოს“ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა და თამაშების ჩაწყობა არ სჭირდებოდა. ისე კი, ვინ არ იცის, რომ ჩაწყობილი თამაშები იყო ხოლმე. ფულით „გაკეთებული“ მატჩის მსაჯი არასდროს ვყოფილვარ… ერთხელ, მინსკში, ადგილობრივი „დინამო“ მოსკოველ თანაკლუბელებს მასპინძლობდა. რუსები უმაღლესი ლიგიდან ვარდებოდნენ და მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ. მატჩამდე რამდენიმე თვით ადრე მოსკოველებმა მინსკიდან მწვრთნელი ედუარდ მალოფეევი გადაიბირეს. მინსკელები მოსკოველებზე ნაწყენები დარჩნენ. იმ მატჩის წინ კი მინსკის „დინამოს“ ხელმძღვანელობას სპორტსაზოგადოება „დინამოს“ თავმჯდომარემ დაურეკა და მოსკოველებისთვის თამაშის დათმობა სთხოვა. მინსკელებმაც სწორედ მალოფეევის გამო თქვეს უარი. ჰოდა, ამის შემდეგ იყო, რუსებმა მე რომ მომმართეს, იქნებ მოგებაში დაგვეხმაროო. არაფერს შევპირებივარ, თუმცა მაშინვე მინსკელთა საწვრთნელ ბაზას მივაშურე და მათი ლიდერები – ზიგმანტოვიჩი, გოცმანოვი და ალეინიკოვი გარეთ გამოვიყვანე. ვუთხარი, ასეთი ამბავია-მეთქი. ასე მოგვარდა ის საქმე და მატჩიც მოსკოველებმა მოიგეს. ჩაწყობილი მატჩები მეტწილად სეზონის ბოლოს იყო.

 

იავნანა ლა სკალაში
დიახ, მართალია, ლეგენდარულ ლა სკალას სცენაზე მართლაც ვიდექი. მილანში, „ინტერი“ ავსტრიული „აუსტრიას“ უეფას თასის მატჩის სამსაჯოდ ჩავედი. აეროპორტშივე მასპინძლებს ვთხოვე, რომ მატჩამდე ლა სკალას თეატრის დათვალიერება მსურს-მეთქი. მილანელებმა, ცხადია, ჩემი სურვილი გაითვალისწინეს და მეორე დილით თეატრში წამიყვანეს. კონცერტისგან უქმე დღე იყო, ამიტომაც სცენაზეც თამამად ავედი და… მეგრული იავნანა ვიმღერე და თანმხლები მასპინძლებისგან აპლოდისმენტებიც დავიმსახურე. ლა სკალაში სიმღერა ჩემი ოცნება იყო და ასეთი ხერხით ავიხდინე კიდეც.

 

კობა ინასარიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები